ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ რობერტ კაგანთან


ექსკლუზიური ინტერვიუ რობერტ კაგანთან
ექსკლუზიური ინტერვიუ რობერტ კაგანთან

ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკაზე აშშ-ს კონგრესის შუალედური არჩევნების გავლენის შესახებ საუბრობს

კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების გავლენასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ რობერტ კაგანმა აღნიშნა:

„რესპუბლიკელები ზოგადად ‘გადატვირთვის’ პოლიტიკას ეჭვით უყურებენ და მას ბევრად უფრო ნაკლებ მხარდაჭერას უცხადებენ ვიდრე ადმინისტრაცია. ამგვარად კონგრესში ახალი სტარტის ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის შეიძლება საკმარისი მხარდაჭერა არც გამოინახოს. ეს ფაქტორი უკვე ბევრ კითხვას ბადებს. ვფიქრობ რესპუბლიკელები საქართველოს შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მიმართ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და ეს მათ ადარდებთ. ამას გარდა რესპუბლიკელები რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევას უფრო მძაფრად აღიქვამენ. ამდენად ახალი კონგრესი ადმინისტრაციაზე რუსეთთან მიმართებაში და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს.“

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ავღანეთის ფაქტორის მნიშვნელობა კაგანმა შემდეგნაირად განმარტა:

„ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ რუსეთს გავლენის ბერკეტი გადასცა. ჩემთვის ცნობილია, რომ ადმინისტრაციამ რუსეთის შემოთავაზება ავღანეთში მიმავალი ტვირთვისთვის რუსეთის ტერიტორიის გავლით სატრანზიტო მარშრუტის გახსნის შესახებ დიდი მადლიერებით მიიღო. მაგრამ მეორეს მხრივ ეს გარემოება რუსეთს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს, თუ მას ამ ბერკეტის ამოქმედება სურს. ამდენად როცა ამერიკელებს რუსებთან სხვა საკითხებზე მოლაპარაკებები მოუხდებათ მათ სატრანზიტო ხელშეკრულების გათვალისწინება მოუწევთ. სამწუხაროდ ეს ფაქტორი რუსებს უპირატესობას აძლევს და მე იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაცია არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკა მხოლოდ ამ საკითხზე იქნება დამოკიდებული.“

ინტერვიუს დასასრულს ლისაბონში მოახლოვებული ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრის შესაძლო გავლენაზე ალიანსის რუსეთთან ურთიერთობაზე კაგანმა დასძინა:

„ნატოს გენერალური მდივანი ბატონი რასმუსენი რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის განვითარების დიდი მომხრეა. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის თუ რა პროგრესს მიაღწევენ მხარეები ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით. მედვედევს ამ საკითხის განხილვა სურს მაშინ როცა პუტინი ყოველთვის ევროპულ-ამერიკული ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნის წინააღმდეგ გამოდიოდა. ვფიქრობ რომ ლისაბონში უმაღლესი დონის შეხვედრა დადებით ატმოსფეროში ჩაივლის რადგან ყველა მხარეს სწორედ ამგვარი შთაბეჭდილების შექმნა სურს. ხოლო თუ რა რეალურ შედეგებს გამოიღებს ეს შეხვედრა, ამას ჩვენ ალბათ მალე შევიტყობთ.“

XS
SM
MD
LG