ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის დაცვის ამერიკული გეგმა


გეგმა ითვალისწინებს ობიექტების შექმნას ჩეხეთის რესპუბლიკაში და პოლონეთში

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00
ბმული

სახმელეთო ბაზირების რაკეტსაწინააღმდეგო სამხედრო ობიექტი განთავსებულია საჰაერო ძალების ყოფილ ბაზაზე, სოფელ დევესელუს სიახლოვეს, დედაქალაქ ბუქარესტიდან აღმოსავლეთით, 180 კილომეტრის მოშორებით. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს მილერი ორშაბათს საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო.

„2015 წელს, მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ევროპა უფრო უსაფრთხოდ იქნება, ამერიკული ძალები უკეთესად იქნებიან დაცული, რუმინეთი უფრო უსაფრთხოდ და ნატოს ალიანსი უფრო ძლიერი იქნება.“

რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუც დაესწრო ამ ცერემონიას.

„რუმინეთი ახლა შედის ნატოს წევრი ქვეყნების იმ კლუბში, რომელიც უზრუნველყოფს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის რეალური საფრთხისგან, ევროპელი და ამერიკელი მოქალაქეების დაცვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას.“

ევროპის დაცვის ამერიკული გეგმა ითვალისწინებს ობიექტების შექმნას ჩეხეთის რესპუბლიკაში და პოლონეთში, ხოლო რაკეტსაწინააღმდეგო რადარის განლაგებას თურქეთში. შეერთებული შტატების და ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, ეს სისტემა მხოლოდ ირანის და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო თავდასხმებისგან ევროპის დასაცავად არის განკუთვნილი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა ამ გეგმას და ამბობდა, რომ ეს ძირს უთხრიდა რუსეთის შემაკავებელ შესაძლებლობებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არსებობს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების საფუძველი. ჩვენს სამხედრო ექსპერტებს სჯერათ, რომ სისტემა ურალამდე დაფარავს რუსეთის ტერიტორიას.“

ნატოს თავდაცვითი გეგმები რუსეთის დასამშვიდებლად რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა უარყო მოსკოვის მოთხოვნა, მიეღო იურიდიული გარანტიები იმის შესახებ, რომ ევროპაში განლაგებული ამერიკული თავდაცვითი ობიექტები არ იქნება დამიზნებული რუსეთის ბირთვულ შემაკავებელ ძალებზე.

რუსეთის ექსპერტმა პეტერ ელცოვმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მხოლოდ და მხოლოდ მათი ქვეყნის წინააღმდეგ არის გამიზნული.

„რუსი ხალხის უმრავლესობა დღეს-დღეობით დარწმუნებულია, რომ ეს არ არის ირანის ან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან რუსეთის საზღვარზეა განლაგებული. ასე, რომ რუსეთში ბევრი ადამიანი სინამდვილეში მხარს დაუჭერს პრეზიდენტ პუტინის და მისი მთავრობის მხრიდან რაიმე სახის საპასუხო ქმედებას.“

მოსკოვში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ძალიან „მკვეთრად“ გამოეპასუხებიან რუსეთის საზღვრებთან ან სანაპირო ზოლის სიახლოვეს ნებისმიერი ამერიკული ობიექტების განლაგებას. ელცოვი ამბობს, რომ მოსალოდნელია სიტყვიერ დაგმობას პოლიტიკური და სამხედრო ქმედებაც მოჰყვეს.

„ისინი შეეცდებიან გაზარდონ სამხედრო ყოფნა კალინინგრადში, რომელიც ევროპასთან ყველაზე ახლოა. ასევე შეეცდებიან რამე გააკეთონ, მაგალითად რაიმე სახის ერთობლივი სამხედრო მოქმედება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მეგობრულად განწყობილი შეერთებული შტატების მთავრობის მიმართ. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს რუსეთის პოლიტიკაზე სირიის მიმართებაში, რაც შეიძლება გამოიხატოს ასადისადმი მეტი მხარდაჭერით და ასევე მეტი მხარდაჭერით ყველა ანტიამერიკული რეჟიმის მიმართ მთელს მსოფლიოში.“

ამერიკა ნატოს ანტი-ბალისტიკური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება ოთხ ფაზად არის დაგეგმილი, რომლის ბოლო ფაზის დასრულება 2020 წლისთვისაა გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG