ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად ამართლებს შენგენის უვიზო რეჟიმი?


რამდენად ამართლებს შენგენის უვიზო რეჟიმი?
რამდენად ამართლებს შენგენის უვიზო რეჟიმი?

სანამ ლიდერები ევროზონაში ფინანსური კრიზისის შეჩერებაზე ზრუნავენ, ევროკავშირის ერთიანობა ფართო განხილვის საგანი ხდება. არალეგალური იმიგრაცია, დევნილთა მზარდი რაოდენობა, კონტროლის მოდუნებული მექანიზმი, კორუფცია და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე სულ უფრო მეტად აშფოთებს ევროპელებს.

საერთო ვალუტას 17 ქვეყანა იყენებს. 25 სახელმწიფო კი უვიზო რეჟიმის პრივილეგიით სარგებლობს. მათ შორის შვეიცარია და ნორვეგიაც არიან, რომლებიც ევროკავშირის წევრობაზე უარს ამბობენ. უპასპორტო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მოქმედებს.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარი სესილია მალსტრომი თვლის, რომ უვიზო რეჟიმის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები მაინც უნდა განხორციელდეს.

არსებობს ზოგადი თანხმობა უვიზო რეჟიმის მნიშვნელობის და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც შენგენის შეთანხმება იძლევა. ევროპის ქვეყნების ეს საოცარი მიღწევა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ხელყოფისგან. ის შეფერხებების გარეშე გადაადგილების საშუალებას არამარტო ადამიანებს აძლევს, არამედ ბიზნესებსაც უადვილებს საქმის წარმოებას. ასე რომ მისი მნიშვნელობა ევროპისთვის განუზომლად დიდია“ .

კომისრის ამ განცხადების მიუხედავად შენგენის სიცოცხლისუნარიანობაზე ბევრი სპეციალისტი ალაპარაკდა. გასულ კვირას მისმა წევრებმა რუმინეთის და ბულგარეთის გაწევრიანება დაბლოკეს. ევროპელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყნებში კორუფციას, დამნაშავეობას და არალეგალურ იმიგრაციას საკმარისად არ ებრძვიან. იმიგრაციის მზარდი პრობლემა ევროკავშირის დიდი ხნის წევრებს - ესპანეთს, გერმანიას, საფრანგეთს და დანიასაც- აწუხებს.

ბრუნო გოლნიში საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე ნაციონალური ფრონტის პარტიიდან არსებული საიმიგრაციო კანონმდებლობის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი პარტიის პოზიცია ევროპელებს შორის თანდათან უფრო პოპულარული ხდება.

„საფრანგეთში მილიონობით იმიგრანტია, რომლებიც სერიოზულ სოციალურ პრობლემებს გვიქმნიან. დიდი ქალაქების გარეუბნები ლტოლვილებით გაივსო. კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. იმ ქვეყნებს უნდა მოველაპარაკოთ, საიდანაც ისინი არიან და ნაწილი მაინც უკან დავაბრუნოთ“ - აცხადებს ნაციონალური ფრონტის წარმომადგენელი.

ემიგრაციის ექსპერტი ბრიუსელიდან, ჰუგო ბრეიდი, რომელიც ევროპის რეფორმირების ცენტრში მუშაობს, თვლის, რომ მთავარი პრობლემა ნდობის ნაკლებობაა. მისი განცხადებით, თითოეული ქვეყანა ცდილობს სხვა ქვეყნის საზღვრებზე მეტი კონტროლის მოპოვებას, ისე, რომ საკუთარი საზღვრების კონტროლის არსებული დონე როგორმე შეინარჩუნოს. ევროპა ახლა მხოლოდ საბერძნეთით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ არალეგალურ იმიგრაციასაც უნდა მიხედოს, ამბობს ის.

თუკი ევროზონა დაიშალა, რაც უკვე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შენგენისმაგვარ ძლიერ პროექტებსაც შეეხება. ხალხი იკითხავს: საბერძნეთმა ევროკავშირის მომავალი ყველაზე ცოტა 10 წლით დააზიანა. ვიღას უნდა ვენდოთ საზღვრების უსაფრთხოების და იმიგრაციის საკითხში?“ - ამ კითხვაზე პასუხი გაჭირდება, ამბობს ბატონი ბრეიდი.

ბრეიდი თვლის, რომ ევროპის ქვეყნებმა შენგენის ერთგვარი რეფორმირება უნდა დაიწყონ და საზღვრების კონტროლის გამკაცრებაზე იზრუნონ. ეს რა თქმა უნდა სწრაფად არ მოხდება, მაგრამ თუკი თუკი მსგავსი პროექტი განხორციელდა, მას ევროპის ტურიზმზე და ეკონომიკაზე დამანგრეველი ზემოქმედება ექნება.

XS
SM
MD
LG