ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელი ულტრა-მემარჯვენეების შეხვედრა


ევროპული ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფებების ხელმძღვანელები გასულ შაბათს დანიაში შეხვდნენ ერთმანეთს, რაც ექსპერტების აზრით მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ევროპის ისტორიაში.

მათი შეხვედრა ევროპაში გახშირებულ ექსტრემისტულ თავდასხმებს და იმიგრაციასთან დაკავშირებულ დაძაბულობას დაემთხვა.

დანიის პატარა ქალაქ არჰუსში ულტრა-მემარჯვენეთა 200-მდე ლიდერი ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი ინგლისის დაცვის ლიგის წარმომადგენელი ტომი რობინსონია. მისი თქმით:“ ეს დღე ისტორიაში შევა. 2012 წლის 31 მარტი. როდესაც მთელი ევროპიდან ჩამოსულმა დელეგატებმა ევროპის დაცვის ლიგა ჩამოაყალიბეს.“

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას არც თუ ისე ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ნორსჰემპტონის უნივერსტეტის რადიკალიზმის ექსპერტი მეთიუ ფელდმანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი გარდატეხის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ.

მისი თქმით:“ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პან-ევროპული დაცვის ლიგა იქმნება ევროპის ისლამიზაციის წინაღმდეგ საბრძოლველად.“

ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ისლამისტმა ექსტრემისტმა მუჰამედ მერაჰმა საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში შვიდი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მათ შორის სამი ებრაელი ბავშვი.

შარშან აგვისტოში ნორვეგიაში მემარჯვენე ექსტრემისტმა ანდერს ბრეივიკმა ოსლოს ცენტრის აფეთქების შემდეგ ახალგაზრდების საერთაშორისო ბანაკში 77 ადამიანი მოკლა. ამ ტერორისტს მოგვიანებით შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც მეთიუ ფელდმანი აცხადებს ინგლისის დაცვის ლიგის მსგავსი ორგანიზაციები ცდილობენ მემარჯვენე ექსტრემისტული იდეოლოგიისგან დისტანცირება მოახდინონ.

მისი თქმით:“ თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაში ეთნო-მრავალფეროვნების პერსპექტივის თვალსაზრისით არცერთ დაჯგუფებას არ აფასებენ უარყოფითად. უბრალოდ ითვლება, რომ კულტურათა აღრევა, მულტიკულტურიზმი დიდი ბოროტებაა და საბოლოო ჯამში ორივე კულტურის განადგურებას იწვევს.“

ამ იდეებს მემარჯვენე პოლიტიკოსები, საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერის მარინ ლე პენის მსგავსად დიდი ხანია უწევენ პროპაგანდას. ისინი სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების გარკვეული შანსი გააჩნიათ.

ჰოლანდიაში ანტი-ისლამურმა გერტ ვაილდერსის თავისუფლების პარტიამ 2010 წელს ამომრჩევლების ხმების 15% მოაგროვა. ბატონი ვაილდერსის განცხადებით:“ მე არაფერი მაქვს მუსულმანების საწინააღმდეგო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისლამი ტოტალიტარული იდეოლოგიაა და თავისუფლების წინააღმდეგია.“

აღსანიშნავია, რომ დანიის ქალაქ არჰუსში საპროტესტო დემონსტრაციაზე გამოსული ანტი-ფაშისტების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ულტრა-მემარჯვენეთა რიცხვს.

XS
SM
MD
LG