ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ აფრიკელთა მიგრაცია ევროპაში


ჩრდილოეთ აფრიკელთა მიგრაცია ევროპაში
ჩრდილოეთ აფრიკელთა მიგრაცია ევროპაში

ევროპა იმიგრანტების ახალი ტალღისთვის ემზადება

მას შემდეგ, რაც იანვარში ტუნისში მომხდარი სახალხო აჯანყების შედეგად ქვეყნის დიქტატორი ზინე ელ აბიდინ ბენ ალი გადადგა, ათასობით ტუნისელი ევროპაში შეღწევის მიზნით ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას შეეცადა. ახლა ევროპა იმიგრანტების ახალი ტალღისთვის ემზადება. ამჯერად ათასობით ლიბიელი ქვეყანაში ქაოტურ მდგომარეობას თავს აღწევს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი ტუნისელი მეთევზეების ქალაქ ზარზისიდან იუწყება, რომ ბევრი ტუნისელი საზღვარგარეთ იმიგრაციაზე კვლავინდებურად დიდ იმედებს ამყარებს.

ზღვა, სამხრეთაღმოსავლეთ ტუნისში მდებარე ქალაქ ზარზისის 140,000-იანი მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ზარზისი ლიბიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ქალაქის მცხოვრებნი ძირითადად მეთევზეობასა და სანაპირო კურორტებში მოხშირებულ ევროპელ ტურისტებზე არიან დამოკიდებულნი.

მაგრამ ჰანა ზაირისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ზღვამ ტრაგედია გამოიწვია. ჰანას ძმა მუჰამედი და ძმისწული აბალა იმ ათასობით ტუნისელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ევროპაში უფრო უკეთესი ცხოვრების მიღწევის მიზნით მიმდინარე თვის დასაწყისში ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა ძველ ნავებზე სცადეს. მათ ამ ძალზედ სახიფათო თავგადასავლისთვის დაახლოებით 1,400 დოლარი გადაიხადეს, რაც ტუნისში ნამდვილად დიდ თანხას წარმოადგენს.

„იგი ზღვაში დაიკარგა და მე მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გამაჩნია. დაკარგულად ითვლება აგრეთვე ჩემი დის შვილი მუნირი, რომელიც მათ გაჰყვა,“ - აცხადებს სასოწარკვეთილი ჰანა ზაირი.

ჰანა და მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ტუნისის სანაპირო დაცვის კატერი იმიგრანტებით სავსე ნავს განგებ დაეჯახა. ნავზე მყოფი მგზავრების ერთი ნაწილი გადარჩა, მაგრამ ხუთი პირი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, ჰანა ზაირის ორი ახალგაზრდა ნათესავის ჩათვლით. თუმცა ნათესავების მტკიცებების დამოუკიდებელი დადასტურება ვერ მოხერხდა.

თვით ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ტუნისიდან გარბიან მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ სახალხო აჯანყებამ ტუნისის პრეზიდენტი ზინე ელ აბიდინ ბენ ალი დაამხო, ბევრ კითხვას ბადებს. ტუნისელების უმრავლესობა გამოთქვამს იმედს, რომ სახალხო აჯანყება ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარების საწინდარი გახდება.

ზარზისის მკვიდრმა ვალიდ ფელამ ზღვაში დაკარგული ახალგაზრდების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო და მის ვებ გვერდზე „ზარზის ტი ვი“-ზე მოათავსა.

ფელა აღნიშნავს, რომ ქალაქ ზარზისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამჟამად საფრანგეთში მუშაობს. ზაფხულში ისინი ბრუნდებიან და მათ მანქანები და ფუფუნების საგნები ჩამოაქვთ. ზარზისის ახალგაზრდები საზღვარგარეთ ეკონომიკური შესაძლებლობების გამო მიდიან.

ზარზისის ეკონომიკა სოფლის მეურნეობას, ტურიზმსა და მეთევზეობას ეფუძნება. ამ სამივე სფეროში ამ ბოლო დროს დიდი სირთულეები შეინიშნება. ჰანა ზაირის ძმა სასტუმროში მუშაობდა.

„იგი საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრების იმედით გაემგზავრა რადგან ტუნისი უმუშევრობამ მოიცვა, ხოლო ტურიზმის ინდუსტრია რევოლუციის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა,“ - აღნიშნავს ჰანა ზაირი.

ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ მიმდინარე თვის მანძილზე დაახლოებით 5,000 ტუნისელმა იტალიის კუნძულ ლამპედუზამდე მიაღწია. იტალიის მთავრობამ დახმარება ევროკავშირს სთხოვა რათა ხმელთაშუა ზღვაში სანაოსნო პატრულირება დაწესდეს. ხოლო ქალაქ ზარზისში საზღვაო ტრაგედიამ იმიგრანტთა ნაკადი დროებით შეანელა.

XS
SM
MD
LG