ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეგრეგაცია ეთნიკური ნიშნით აფხაზეთში


ქართულ წარწერებს სამურზაყანოში სასაფლაოზეღა თუ შეხვდებით
ქართულ წარწერებს სამურზაყანოში სასაფლაოზეღა თუ შეხვდებით

ქართული (მეგრული) ტოპონიმიკის წაშლის კამპანია გალის რაიონშიც გააქტიურდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
ბმული


თბილისში პოლიტიკური კინკლაობა-სკანდალების ფონზე, ოკუპირებულ გალის რაიონში, სრული სვლით მიმდინარეობს ქართული ტოპონიმიკის გაქრობის პროცესი. ბოლო კვირეების მანძილზე, ისტორიულ სამურზაყანოში კიდევ 20-მდე ქართულ სოფელს შეუცვალეს სახელი.

„გააფხაზების“ კამპანიამ შეიწირა ნაბაკევი, რომელსაც ბათაიგუარა დაარქვეს. საბერიო - პაპინრხუა გახდა, ჭუბურხინჯი - ხიაცხრა, დიხაზურგა - აბააკიტი, თაგილონი - თაღლანი, მზიური - მახუდჯრა, ეწერი - ლბაარხა, ოკვინორე - ციგტვარა, პირველი ოტობაია - ხაშთა, მეორე ოტობაია - ბგოურა, ფიჩორი - ბჩარა, განახლება - მარჩხაპონი, ლეკუხონე - ალაკუმხარა და ა.შ

სოფლებისთვის ქართული(მეგრული) სახელების შეცვლის ინიციატივით „აფხაზთა დეპუტატი“, სოხუმის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი კვარჩია გამოვიდა. უცნაურია, მაგრამ ვალერი კვარჩიამ ქართული ტოპონიმიკის შეცვლის საბაბად, ქართველი მეცნიერის პაატა ცხადაიას შრომებიც მოიყვანა.

„გალის რაიონში სწორედ ეს სახელებია ისტორიული, არის ჩემი შრომებიც და ცხადაიას შრომებიც. ცხადაია არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირში ცნობილი მეცნიერია. იგი 60 წლის წინ იწერდა სოფლების ისტორიულ სახელებს. მე, ომამდე, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან.“

ქართველი ენათმეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე პაატა ცხადაია, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სწავლობს სამურზაყანოს ტოპონიმიკას.

მეუღლესთან, ვილენა ჯოჯუასთან ერთად, მან გამოსცა ორი ნაშრომიც: „სამურზაყანოს ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმია“ და „სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელწოდებანი“. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ენათმეცნიერი პაატა ცხადაია ამბობს, რომ გაოცებულია მისი ნაშრომების ხსენებით, რადგან გალის სოფლებისთვის დარქმეული ახალი სახელების უმრავლესობა აქამდე არ გაუგია

„სამურზაყანოში არის აფხაზური ტოპონიმია, მაგრამ ის აფხაზური არის ზე-დანალექი, შემდგომი ფენა. ძირითადი სუბსტრატი ანუ ქვედა ფენა - არის მეგრული. ოდიშის მთავრის ლევან მეორე დადიანის (1611-1657) დროს აფხაზები არ ცხოვრობდნენ სამურზაყანოში.

აფაზები შემოვიდნენ და დასახლდნენ სამურზაყანოში მე-17 საუკუნის ბოლოს, ამიტომ მათ მიერ შექმნილი ტოპონიმია მეორადია.

მაგალითად, პირველ ოტობაიას დაარქვეს ხაშთა და ეს სახელი საიდან მოიტანეს?

აზრზე არ ვარ. ხაშთა არც ვიცი რას ნიშნავს. ასეთი სახელები მე იქ საერთოდ არ გამიგონია. რაც სამურზაყანოს სოფლებში აფხაზური იყო არაფერი გამომიტოვებია, ლექსიკონში ყველაფერია.
დიხაზურგა, საბერიო, ჭუბურხინჯი და სხვები ისტორიული სახელებია ილორამდე ანუ მდინარე ღალიძგის მარცხენა ნაპირამდე. იმის აქეთ, მდინარე ენგურამდე კი მთლიანად მეგრელები ცხოვრობდნენ.“

ქართველ ენათმეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზები „ხურდას გვიბრუნებენ“ გასული საუკუნის 30-50-იან წლებში განხორციელებული პოლიტიკის გამო, როცა მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს აფხაზეთში სახელი საბჭოთა თბილისის მოთხოვნით შეეცვალა.

ამ მიმართულებით, განსაკუთებით „გამოიჩინა თავი“ სოხუმის ქალაქკომისა და აფხაზეთის ობკომის პირველმა მდივანმა (1943-51) აკაკი მგელაძემ, რომელიც მალევე დააწინაურეს და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა (1951-53).

თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის მცდარი პოლიტიკა, უმეტესად გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონების სოფლებს შეეხოთ და თითქმის არ ჰქონია გავლენა გალის რაიონის ძირძველ ტოპონიმიკაზე.

1992-94 წლებში, ჯერ გაგრის, შემდეგ კი სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზებმა 1930-1955 წლებში შეცვლილი ტოპონიმიკის დიდი ნაწილი აღადგინეს, ნაწილი კი გადააკეთეს, თუმცა მაშინ გალის რაიონს არ შეხებიან.

(ომის შემდეგ ლესელიძე გახდა გეჩრიფში, განთიადი - ცანდრიფში, ხეივანი - ამზარა, ხოლოდნაია რეჩკა - ბაგრიპსტა, ლიძავა - ლძაა, კოლხიდა - ფსახარა, ბაღნარი - ხიშხა, მიუსერა - მისრა, აგარაკი - ამჟიკუხუა, ჯირხვა - ჯირხუა, კალდახვარა - კალდახუარა, ოქტომბერი - არახუ, ციტრუსოვანი - ამჟასარა, გოგირდწყალი - წკუარა, ხოფი - ხუაპ, ახალსოფელი - ხიპსტა, ლიდა - ჩაბლარხა, ოდიში - აკაპა, თავისუფლება - იაშტხუა, კაკლიანი - არასახუ, გეორგიევსკოე - გიარგიაულ, წებელდა - ცაბალ, გორანა - აბიდზა, კელასური - აბგიძარა, შრომა - გუმა, ზეგანი - ხაბიუ, მთისკალთა - რაშხუა, ახალშენი - აპრა, ოჭუბურე - ხუაჟკიტ, სათავე - აცტიშ, ცუმური - ცვიმკირი, შუბარა - შვაარა, ქვალონი - შახო, ნახშირა - არიჩხუცა, ტბეთი - აჩეიძკუა, სტარუშკინო - ააბტრა, წყურგილი - ადძიხკუა, პავლოვსკოე - ალან, პეტროვსკოე - გუალძა, ბესლეთი - ბასლა, ლეჩკოფი - ლეჩკუაფ, კოდორი - კაციკიტ, ხუმუშქური - ნარზინი, აგარაკი -არაკიჩი, კინდღი - კინდიგ, მეორე ათარა - ათარა არმიანსკაია, ბესლახუბა - ბესლახუ, გუდავა - გუდაა, გუფი - გუპ, გვადა - გუადა, კოჩარა - კუაჩირ, კვიტაული - კუტოლ, მერკულა - მარკულა, მოქვი - მოქვა, ფოქვეში - ფაკუაშ, ტამიში - ტამშ, საჩაჩხალია - ჩაჩხალიაა რხაბლა, საჩინო - საჩინა - ზ.წ)

ცნობილი ქართველი ისტორიკოსის სიმონ ჯანაშიას ქალიშვილი, აფხაზოლოგი და კავკასიოლოგი რუსუდან ჯანაშია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ სამურზაყანოს ისტორიული ტოპონიმიკის შეცვლა შეცდომაა

„მაგალითად, გამარჯვება რომ ერქვას სოფელს ან მსგავი რამ, შეიძლება გადაარქვა, მაგრამ საბერიოს და სხვებს?! ძველი სახელებია ესენი. ვფიქრობ, რომ შეცდომაა და არ არის სწორი. მთავარია შეთანხმება უნდა იყოს იქაურ და აქაურ მეცნიერებს შორის. მერე იქ მცხოვრები მოსახლეობის აზრი გამოკვლეულია თუ არა?! ხოდა, როგორ და რატომ გადაარქვეს მაშინ? არასწორია“

აფხაზური პოლიტიკური ელიტა ირწმუნება, რომ მათ „ისტორიული სამართლიანობა“ აღადგინეს და ამ პროცესს, ანტიქართულ ან ანტიმეგრულ პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს. ამის დასადასტურებლად მათ მოჰყავთ, გულრიფშის რაიონში, ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელი შაუმიანოვკა, რომელსაც ასევე შეუცვალეს სახელი და ცკიბინი დაარქვეს.
სახელები შეეცვალათ გუდაუთასა და გალში მდებარე ორ სოფელს, ერთნაირი სახელით - პრიმორსკოე. ახლა მათ ცკუარა და გუდაა ჰქვიათ.

თუმცა, თუ ოკუპირებულ აფხაზეთში, განსაკუთრებით, სამურზაყანოში დარჩენილი ქართული (მეგრული) მოსახლეობის მდგომარეობას ფართო ჭრილში შევხედავთ, მოსახლეობისა, რომელსაც ფაქტობრივად, აკრძალული აქვს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, შეზღუდული თავისუფლად გადაადგილების უფლება, ართმევენ „პასპორტებს“ და სოფლებს მასიურად უცვლიან ისტორიულ (ქართულ, მეგრულ) სახელებს, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ სეგრეგაციასთან ეთნიკური ნიშნით.

ქართული ტოპონიმიკის შეცვლა აფხაზურით
გალის რაიონი

ნაბაკევი - ბათაიგუარა
ეწერი - ლბაარხა
საბერიო - პაპინრხუა
ნაჯიხური - აბააჟვ
ფართონოხორი - აგუარადუ
ჭუბურხინჯი - ხიაცხრა
თაგილონი - თაღლან
მზიური - მახუდჯრა
ცხირი - ცხირ
პირველი ოტობაია - ხაშტა
მეორე ოტობაია - ბგოურა
ფიჩორი - ბჩარა
განახლება - მარჩხაპონ
ზემო ბარღები - ვიადა ბაღრიაპ
საშამუგიო - შამგიაა
საბუთბაიო - ბუთბაკიტ
ქვემო ბარღები - ლადა ბაღრიაპ
ფიცარღალი - აბიცარკუარა
დიხაზურგა - აბააკიტ
ოკვინორე - ციგტვარა
ღუმურიში - გუმრიშ
რეჩხი - რეჩხუ
რეფი - რიაპ
საყოლბაიო - კალგი
პირველი გალი - გალხუჩ გალ
ზემო გალი - გალ აჩაიუა
შეშელეთი - შაშალატ
ლეკუმხარა - ალაკუმხარა
მუხური - მახურ
საბულესკირიო - აბლასკირ
ხუმუშკური - რიშხა
ხუმენი-ნათოფური - ახუშტაარა
ზენი - ლბაა
სალხინო - ლაშტრა
აჩიგვარა - აჩგუაარა
ერისწყალი(მდინარე) - ერცკარ

XS
SM
MD
LG