ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთი ევროზონას შეუერთდა


ესტონეთი ევროზონას შეუერთდა
ესტონეთი ევროზონას შეუერთდა

ესტონეთის მოსახლეობამ ახალი ფულადი ერთეულის - ევროს - გამოყენება დაიწყო მას შემდეგ რაც ესტონეთი გახდა პირველი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც 1 იანვარს ევროზონას შეუერთდა და საკუთარი ეროვნული ფულადი ერთეული გააუქმა. თუმცა, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტეფან ბოსი ბუდაპეშტიდან იუწყება, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ფულადი ერთეულის მომავლით გამოწვეულმა შეშფოთებამ იმოქმედა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, რომლებიც ევროზონაში გაწევრიანებას ალბათ ათი წლით გადადებენ.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ცივი ამინდის მიუხედავად ესტონელები ქვეყნის გაწევრიანებას ევროზონაში ცეკვითა და სიმღერით შეხვდნენ. ბევრი ბანკომატებთან შეიკრიბა და ახალ ფულად ერთეულს გაკვირვებით შესცქეროდა.

ნიშნადობლივია ისიც, რომ ტალინი 2011 წლის ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.

მაგრამ კრიტიკოსებს ეეჭვებათ, რომ ესტონური ფულადი ერთეულის - კრონის - გაუქმება ბალტიის ამ პატარა სახელმწიფოსთვის გამართლებული ნაბიჯი იყო. აღსანიშნავია, რომ ესტონეთის მოსახლეობა 1.3 მილიონს აღწევს.

კირსი ალტონენი, რომელიც წარმოშობით ფინეთიდან არის, ევროს შემოღებასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს.

„ვფიქრობ, რომ ესტონეთში ფასები გაიზრდება. თუმცა ფინეთიდან აქ ჩამოსვლა ძალიან ადვილია,“ აღნიშნავს ალტონენი.

აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოები, პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ჩათვლით, ევროზონის სკეპტიკოსების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან.

მათ 17 სახელმწიფოსგან შემდგარ ევროზონაში გაწევრიანება არ ეჩქარებათ. აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები აკვირდებიან იმას, თუ როგორ გადაწყდება ირლანდიის, საბერძნეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის ეროვნულ დავალიანებასთან დაკავშირებული ფინანსური კრიზისი.

პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მარეკ ბელკამ პოლონურ მედიას მოახსენა, რომ პოლონეთი ევროზონას შეუერთდება მხოლოდ მაშინ, როცა ევროზონაში „წესრიგი“ დამყარდება.

ჩეხეთის პრემიერ მინისტრი პეტრ ნეკასი კი აღნიშნავს, რომ ევროს შემოღება ჩეხეთს გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელს არ მოუტანს.

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ამ მოსაზრებას ეთანხმება. მისი თქმით, უნგრეთში ევროს შემოღება შეიძლება ათი წლით გადაიდოს.

ბატონი ორბანი აღნიშნავს, რომ მას უნგრეთის ევროზონაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული თარიღის დასახელება არ სურს იმის გამო, რომ წარსულში არცერთი მსგავსი თარიღი არ შესრულდა. თუმცა პრემიერ მინისტრი აღიარებს, რომ მას უნგრეთში ევროს შემოღება „მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე“ არარეალისტურად ეჩვენება.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების ადრინდელი პროგნოზის თანახმად უნგრეთის გაწევრიანება ევროზონაში 2016 წლისთვის იყო მოსალოდნელი, ხოლო პოლონეთისა და სხვა უფრო მსხვილი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების გაწევრიანება კი 2020 წლამდე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა შიშობს, რომ ევროს შემოღება მათ ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის რადგან ევროზონაში გაწევრიანება არადრეკადი გაცვლითი კურსის დაწესებას ითვალისწინებს.

ამას გარდა ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს მზარდ დავალიანებასთან დაკავშირებულმა ფინანსურმა კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა პოპულარულ შეხედულებაზე, რომლის თანახმადაც ევროზონის წევრობა მნიშვნელოვან უპირატესობებს იძლეოდა, ძირითადად ევროკავშირის დაბალი საპროცენტო განაკვეთების სესხების სახით.

ევროკავშირის რწმუნებული ეკონომიკურ და ფულად საკითხებში ოლი რენი აღნიშნავს, რომ ევროზონას ახლო მომავალში ბევრი გამოწვევა ელის.

„გასული ათწლეულის მანძილზე ჩვენ ევრო რეალობად ვაქციეთ. მაშასადამე ახალი ათწლეული, რომელიც ახლა დაიწყო, ევროზონის, როგორც ეკონომიკური და ფულადი კავშირის, ფუნდამენტური რეფორმის ათწლეული იქნება,“ დასძინა ოლი რენმა.

XS
SM
MD
LG