ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი პარლამენტში კონსენსუსის მიღწევას შეეცდება


ერდოღანი პარლამენტში კონსენსუსის მიღწევას შეეცდება
ერდოღანი პარლამენტში კონსენსუსის მიღწევას შეეცდება

თურქეთის მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ საყოველთაო არჩევნებში მესამე ვადით უპრეცედენტო გამარჯვებას მიაღწია. კვირას გამართულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 50 პროცენტი მოიპოვა. თუმცა პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის აუცილებელი პარლამენტის ადგილების ორი მესამედი მაინც ვერ მოიპოვა, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან.

მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის მომხრეები სტამბოლის ქუჩებში გამარჯვებას ზეიმობდნენ. არჩევნებამდე საზოგადოების დაძაბული განწყობის მიუხედავად, ხმების მიცემის შემდეგ თურქი ამომრჩევლები ქვეყნის მომავალს იმედით შეჰყურებენ.

„ის რომ ტაიპ ერდოღანი ძალაუფლებაში დარჩება თურქეთისთვის ძალიან სასიკეთოა. ახლა მთავარია, რომ ჩვენი სამხედროების მიერ დაწერილი კონსტიტუცია შეიცვალოს ჭეშმარიტად დემოკრატიული კონსტიტუციით,“ აღნიშნავს ერთ-ერთი თურქი ამომრჩეველი.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ერდოღანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტი მოიპოვა, მან მაინც ვერ მიიღო პარლამენტში ადგილების ორი მესამედი, რაც აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის.

ამასთან დაკავშირებით თურქი პოლიტიკური მიმომხილველი ჩენგიზ აქტარი აღნიშნავს:

„ამომრჩეველთა გზავნილი ჩემთვის ცხადია - მათ სურთ, რომ ბატონმა ერდოღანმა განაგრძოს მართვა. მაგრამ მას პარლამენტში ოპოზიციასთან თანამშრომლობა მოუხდება როგორც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ისე ქურთების კონფლიქტის გადასაჭრელად.“

ბატონი ერდოღანის პარტიამ პარლამენტში 325 ადგილი მოიპოვა, რაც ხუთი ადგილით ნაკლებია იმაზე, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო რეფორმა რეფერენდუმზე გაიტანოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერდოღანს ამ მიზნის მისაღწევად პარლამენტში შესული რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა დასჭირდება. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრემიერ მინისტრმა მომხრეებს სიტყვით მიმართა, რომელშიც მან გამომწვევი რიტორიკა დაივიწყა და მოსახლეობას ეროვნული თანხმობისკენ მოუწოდა.

„მთავარ ოპოზიციასთან, პარლამენტის გარეთ დარჩენილ პარტიებთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან ჩვენ კონსენსუსის შექმნას ვეცდებით,“ განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ კონსენსუსის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, „სახალხო რესპუბლიკური“ პარტია, ისე ქურთების მომხრე „მშვიდობისა და დემოკრატიის“ პარტია სამხედროების მიერ 1982 წელს დაწერილი კონსტიტუციის შეცვლას ემხრობიან. თუმცა მათ შორის არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს ახალ კონსტიტუციაში.

XS
SM
MD
LG