ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები მზარდი დაძაბულობის ფონზე


ამერიკის მომავალ პრეზიდენტს საგარეო გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მთელს მსოფლიოში მზარდი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. აფრიკაში ალ-ყაიდა ძლიერდება, ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული, ირანთან კი, შესაძლოა, ომი დაიწყოს.

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს: „ჩვენ დავამთავრეთ ომი ერაყში და 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორი, ალ-ყაიდას ლიდერები გავანადგურეთ.“

ძალადობა გრძელდება ერაყში, სირიასა და ლიბიაში, სადაც ცოტა ხნის წინ ამერიკის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის დროს შეერთებული შტატების ელჩი გამოასალმეს სიცოცხლეს.

როგორც რესპუბლიკელი მიტ რომნი ამბობს, პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკა შეერთებული შტატების უსაფრთხოებას ემუქრება. რომნი თავდაცვის გაძლიერებას ემხრობა და მკაცრად აკრიტიკებს ობამას პოლიტიკას, რომელიც ჯარის შემცირებას სპეცდანიშნულებს ძალების გაძლიერების ხარჯზე აპირებს.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მკვეთრად გაიზარდა უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განადგურებული ტერორისტების რიცხვი. ცხელ წერტილებში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის ნაცვლად, ვაშინგტონი თავისი მოკავშირეების შეიარაღებასა და გაწვრთნაზე გადავიდა.

„ჩვენ ავღანეთში გარდამავალ პროცესს ვემხრობით და გვსურს, რომ თავად ავღანელებმა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ უსაფრთხოებაზე,“ - ამბობს პრეზიდენტი ობამა.

როგორც ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის პოლიტიკური ანალიტიკოსი, მაიკლ ოჰანლონი აცხადებს:

„კანდიდატების საგარეო პოლიტიკაში დიდი განსხვავება არ არის, რადგან ორივეს კარგად ესმის, რომ ამერიკელები დაიღალნენ უცხოეთში მიმდინარე ომებით.“

თუმცა, მიტ რომნი უფრო რადიკალურ შეხედულებებს გამოთქვამს საგარეო პოლიტიკის სფეროში. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის სირიის ოპოზიციის დახმარებას და ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლის გაძლიერებას აპირებს.

რაც შეეხება „ნატო"-სთან ურთიერთობას, ორივე კანდიდატი ამ ორგანიზაციის წევრების გააქტიურებას უჭერს მხარს და მათ მიერ უფრო მეტი სამხედრო ძალისხმევის გამოჩენას ელის.

მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ერთი რამ ნათელია - მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მას საგარეო გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება.
XS
SM
MD
LG