ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში არჩევნებზე მილიონობით დოლარი იხარჯება


აშშ-ში არჩევნებზე მილიონობით დოლარი იხარჯება

2010 წელი შეერთებულ შტატებში საარჩევნო კამპანიებზე გაწეული დანახარჯების თვალსაზრისით საკმაოდ ძვირადღირებული აღმოჩნდა. ინდივიდუალური კანდიდატები, ორი ეროვნული პარტიის მხარდამჭერი პოლიტიკური კომიტეტები და აქტივისტთა ჯგუფები ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის არჩევნებში გამარჯვების იმედით ათობით მილიონ დოლარს ხარჯავენ.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალონი ვაშინგტონიდან იუწყება, საარჩევნო კამპანიების წარმართვა შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად გაძვირდა იმის გამო, რომ კადიდატები სახსრებს ძირითადად სატელევიზიო განცხადებებზე ხარჯავენ.

მაგალითად ნევადას შტატში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატები მილიონობით დოლარს ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართულ სატელევიზიო განცხადებებზე ხარჯავენ.

ნევადაში სენატის დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის ლიდერი ჰერი რიდი რესპუბლიკელ მეტოქეს შერონ ანგლს დაუპირისპირდა.

[NATURAL SOUND]

დამოუკიდებელ და აქტივისტთა ჯგუფების ხარჯები წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2006 წელთან შედარებით ამ ორგანიზაციების მიერ გაწეული დანახარჯები გაორმაგდა.

დანახარჯების მატება იანვარში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. ხსენებულმა გადაწყვეტილებამ მოხსნა შეზღუდვები იმ პოლიტიკურ შემოწირულობებზე, რომლებსაც კორპორაციები და პროფკავშირები არჩევნებზე გავლენის მიზნით სატელევიზიო განცხადებების დასაფინანსებლად იყენებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფედერალური შეზღუდვები იმ შემოწირულობებზე, რომელიც უშუალოდ კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს უნდა მოხმარდეს კვლავინდებურად ძალაში რჩება.

აღსანიშნავია, რომ წელს გარე სპეციალურ ინტერესთა ჯგუფების მიერ შეგროვებული ფულადი სახსრები დემოკრატების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას ხმარდება და დემოკრატიული პარტიის კანდიდატები ამ საკითხის მიმართ ამომრჩევლების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

სხვადასხვა შტატებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატების საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის პარალელურად პრეზიდენტმა ობამამ ამ საკითხს ყურადღება დაუთმო. მას ადარდებს ის, რომ უცხოური კორპორაციები ან სპეციალურ ინტერესთა ჯგუფები პოლიტიკური შემოწირულობების გაკეთების უფლებას გამოიყენებენ.

„მათ საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამოამჟღავნება არ უნდათ. ესენი შეიძლება იყვნენ სადაზვერვო კომპანიები ან უოლ სტრიტზე მომუშავე ბანკები ან სულაც უცხოურ მფლობელობაში მყოფი კორპორაციები. ჩვენ ამას ვერ გავიგებთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

დემოკრატებმა წარუმატებლად სცადეს კონგრესში ისეთი კანონ პროექტის დამტკიცება, რომელიც პოლიტიკური შემოწირულობების შეგროვების მიზნით შექმნილ დამოუკიდებელ ჯგუფებს სახსრების წყაროების შესახებ ინფორმაციის წარდგენას მოთხოვდა.

ახლა დემოკრატები საკუთარ სატელევიზიო განცხადებებს აფინანსებენ, რომლებიც შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წინააღმდეგ არის მიმართული. გავრცელებული ცნობების თანახმად, სავაჭრო პალატას 2 ნოემბერს დანიშნულ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების სასარგებლოდ პოლიტიკური შემოწირულობების ფარულ შეგროვებაში ადანაშაულებენ.

სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა ოფიციალურად უარყვეს, რომ ისინი უცხოურ შემოწირულობებს რესპუბლიკელი კანდიდატების სასარგებლოდ იყენებენ.

კონგრესის არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირაღა დარჩა. რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის დამოუკიდებელი და გარე ჯგუფების მიერ შეგროვებული მილიონობით დოლართან შედარებით დემოკრატებს პოლიტიკური შემოწირულობების შეგროვება აშკარად უჭირთ.

ვაშინგტონში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკური ექსპერტი ალან ლიჰტმანი დასძენს:

„მდიდარ დონორებს საარჩევნო კამპანიებში დიდძალი ფულის დაბანდება შეუძლიათ საკუთარი ვინაობის გამჟღავნების გარეშე. ამდენად რესპუბლიკელებს გაუმართლათ. მათ, დემოკრატებისგან განსხვავებით, ჩაის სმის მოძრაობის აქტივისტებიც ეხმარებიან და მსხვილი დონორებიც.“

გაზეთ Wall Street Journal-ის ცნობით, სხვადასხვა დამოუკიდებელი ჯგუფები არჩევნების თარიღამდე დარჩენილი ორი კვირის მანძილზე 600 მილიონ დოლარს დახარჯავენ. ამ სახსრების ლომის წილი რესპუბლიკელებისთვის კონსერვატიული და ბიზნეს ჯგუფების მიერ არის მობილიზებული, მაშინ როცა დემოკრატებს ძირითადად პროფკავშირები აფინანსებენ.

ალექსანდრე მელიქიშვილი. ამერიკის ხმა. ვაშინგტონი.

XS
SM
MD
LG