ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ უმკლავდება ეგვიპტის კრიზისს ობამას ადმინისტრაცია?


როგორ უმკლავდება ეგვიპტის კრიზისს ობამას ადმინისტრაცია?
როგორ უმკლავდება ეგვიპტის კრიზისს ობამას ადმინისტრაცია?

გასულ კვირას შეერთებული შტატების მედიის ყურადღების ცენტრში ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები მოექცა და ამერიკელთა უმრავლესობისთვის შიდა პოლიტიკურმა საკითხებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ეგვიპტის კრიზისი პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ის თუ როგორ გაუმკლავდება პრეზიდენტი ამ კრიზისულ მდგომარეობას 2012 წელს ობამას მეორე ვადით არჩევაზე უდავოდ გავლენას მოახდენს, იუწყება ვაშინგტონიდან "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯიმ მალუნი.

პრეზიდენტობის პირველი ორი წლის მანძილზე ბარაკ ობამას ყურადღება ძირითადად ფოკუსირებული იყო შიდა საკითხებზე. მაგრამ ახლა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები ადმინისტრაციისთვის უმთავრეს საკითხად გადაიქცა.

გასულ პარასკევს კანადის პრემიერ მინისტრ სტივენ ჰარპერთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ეგვიპტელებს ქვეყანაში მშვიდობიანი პოლიტიკური გარდამავალი პერიოდი დაიწყონ.

„ერთადერთი რამ, რაც გამოდგება ახლა ეს გახლავთ ის, რომ ქვეყანაში დაუყოვნებლივ მოწესრიგებული გარდამავალი პროცესი უნდა დაიწყოს, რომელშიც ყველა პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და რომელიც დემოკრატიული პრაქტიკით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებითა და ეგვიპტელი ხალხის მოთხოვნების მიმართ გულისხმიერი წარმომადგენლობითი მთავრობის არჩევით დაგვირგვინდება,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის რესპუბლიკელი წევრები ეგვიპტის კრიზისის მიმართ პრეზიდენტის მიდგომასთან დაკავშირებით კომენტარებისგან ძირითადად თავს იკავებენ. როგორც ჩანს, რესპუბლიკელი კონგრესმენები ადმინისტრაციის მიდგომას ეგვიპტეში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მიმართ ზოგადად ემხრობიან.

თუმცა რესპუბლიკელთა მხრიდან ზოგიერთი შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი ადმინისტრაციის მიდგომას ეგვიპტის კრიზისის მიმართ უფრო კრიტიკულად უდგება. მათ შორის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი და მინესოტას შტატის ყოფილი გუბერნატორი ტიმ პოულენტი განსაკუთრებით გამოირჩევიან.

სხვები კი ადმინისტრაციას მხარდაჭერას უცხადებენ. მაგალითად, ინდიანას შტატის გუბერნატორი მიტჩ დენიელსი, რომელმაც ამერიკის ხმის კორესპონდენტს კეინ ფარაბოს ინტერვიუ მისცა.

„ისინი ამ კრიზისს სათანადო სიფრთხილით, თავმდაბლობითა და მოთმინებით ეკიდებიან და იმავდროულად ხაზს უსვამენ დემოკრატიის პრინციპებს,“ - აღნიშნა მიტჩ დენიელსმა.

პოლიტიკოსების ერთი ნაწილი კი ობამას ადმინისტრაციას ერთდროულად აქებს და აკრიტიკებს. ამ კატეგორიაში შედის მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას აპირებს. ტელეკომპანია ABC-ისთან ინტერვიუში მან კერძოდ აღნიშნა:

„ვფიქრობ, რომ თავდაპირველად მათ გაუჭირდათ. პირველი განცხადებები მცდარი იყო, მაგრამ ახლა ისინი გამოსწორდნენ. მათ აღნიშნეს, რომ ჩვენ გარდამავალი პერიოდი გვსურს, რაც სწორ მიდგომას ასახავს,“ - აღნიშნა მიტ რომნიმ.

პოლიტიკური მიმომხილველები აღიარებენ, რომ ამრიკელი ამომრჩევლების უმრავლესობას ჯერ-ჯერობით ვერ შეექმნება სრული შთაბეჭდილება იმის შესახებ, თუ როგორ გაუმკლავდა პრეზიდენტი ობამა ეგვიპტის კრიზისს.

ანალიტიკოსი როუდს კუკი აღნიშნავს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვების ფონზე ამერიკელი ამომრჩევლებისთვის ყველაზე გადამწყვეტ ფაქტორს შეერთებული შტატების ეკონომიკის გამოცოცხლება წარმოადგენს. თუმცა კუკის თქმით, ამომრჩევლები პრეზიდენტისგან ელიან, რომ იმ შეთმხვევაში თუ საგარეო პოლიტიკის სფეროში გამოწვევები წარმოიქმნება, პრეზიდენტს ამგვარი საკითხების მოგვარება უნდა შეეძლოს.

„ზოგი პრეზიდენტი ამგვარ საკითხებს უმკლავდება, ზოგი კი არა. ვფიქრობ ეს ფაქტორი შემდეგი რამდენიმე თვის მანძილზე 2012 წლის არჩევნებზე გარკვუელ ზეგავლენას მოახდენს. მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა და ეკონომიკური მდგომარეობა საბოლოოდ განსაზღვრავს იმას მოიპოვებს თუ არა იგი მეორე საპრეზიდენტო ვადას,“ - დასძენს როუდს კუკი.

XS
SM
MD
LG