ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის სამხედრო ტრიბუნალები


ეგვიპტის სამხედრო ტრიბუნალები
ეგვიპტის სამხედრო ტრიბუნალები

ეგვიპტეში მოქმედი საგანგებო კანონის გაუქმება ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მთავარი მოთხოვნა იყო. ამჟამინდელი სამხედრო მმართველები ამ კანონის გაუქმებას განიხილავენ. თუმცა, უფლებადამცველები ამბობენ, რომ რეალურად სხვა ვითარებაა შექმნილი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ იანვრის რევოლუციის შემდეგ 10 ათასზე მეტი ეგვიპტელი სამხედრო ტრიბუნალის წინაშეა წარდგენილი. ეს ციფრი გაცილებით მეტია იმაზე, ვიდრე მუბარაქის 29 წლიანი მმართველობის დროს იყო. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სამხედრო სასამართლოებს საგანგებო კანონის ფარგლებში უფლება აქვთ ჩვეულებრივი საქმეებიც განიხილონ და ის ხალხი გაასამართლონ, ვინც პოლიტიკური მღელვარების დროს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებდა. ასეთ მიდგომას პოლიტიკური მოღვაწე იბრაჰიმ ელ ჰოდაიბი მკვეთრად ეწინააღმდეგება.

„ისინი არ არიან ავაზაკები, რომ სამხედრო ტრიბუნალით გასამართლდნენ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი თანამებრძოლები, ძმები და დები. ეს ის ხალხია ვინც დემონსტრაციებში მონაწილეობდა და ვინც შეძლო მუბარაქის დამხობა,“ - ამბობს ჰოდაიბი.

სამხედრო სასამართლოს საიდუმლო განაწესი თითქმის შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საქმის განსაჯაროებას. განსასჯელთა უდიდეს ნაწილს შეზღუდული აქვს ადვოკატთან ან გარე სამყაროსთან ურთიერთობა. რეალურად ამბოხების დროს კრიმინალური ფაქტებიც ხდებოდა.

თუმცა, პოლიტიკური აქტივისტი ჰოდაიბი ამბობს, რომ ასეთი დამნაშავეების სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლება დამამცირებელია.

„ყოფილმა პრეზიდენტმა მუბარაქმა ბოლო დღეებში 800-ზე მეტი ეგვიპტელი მოკლა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის 30 წლიან დანაშაულებზე. თუკი მისი საქმე სამოქალაქო სასამართლოშია, მოქალაქეების სამხედრო ტრიბუნალზე გაყვანა მიუღებელია,“ - ამბობს ჰოდაიბი.

აქტივისტების ერთერთი ჯგუფი სახელად „არა - სამხედრო ტრიბუნალებს“ მთავრობის წევრებს შეხვდა. მათ სამოქალაქო პირების სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაცემა დაგმეს და ამ პროცესის შეყვეტა მოითხოვეს. მთავრობამ მხოლოდ რამდენიმე საქმე მოხსნა ტრიბუნალიდან. დაპატიმრებულთა უმეტესი ნაწილი კი ისევ სამხედრო სასამართლოს წინაშე წარდგება.

ქაიროს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი საიდ სადეკი ამბობს, რომ დროებითი მთავრობის მოქმედებები არასტაბილურობის პერიოდში გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ისინი კვლავ ძველი მთავრობის ტაქტიკას იყენებენ, რომელიც ხალხის დაშინებაში მდგომარეობს, რათა მოქალაქეები ქუჩაში არ გამოვიდნენ. ამის შეცვლას კი დრო სჭირდება, რათა პოლიტიკური კულტურა შეიცვალოს. მე ვფიქრობ როცა საგანგებო კანონი გაუქმდება და გვექნება არჩეული პარლამენტი და მთავრობა, ახალი კონსტიტუცია და ახალი პოლიტიკური სისტემა, ქვეყანა უფრო დემოკრატიული გახდება, სადაც ადამიანთა უფლებებს პატივს ცემენ,“- იმედოვნებს პროფესორი სადეკი.

რაც შეეხება ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენეტის მუბარაქის სამოქალაქო სასამართლოში გასამართლებას, სადეკი ფიქრობს, რომ ეს დროებითი მთავრობის ტაქტიკაა, რადგანაც ეს განსაკუთრებით მგრძნობიარე საქმედ განიხილება.

XS
SM
MD
LG