ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტაბილურობა ეგვიპტეში


სტაბილურობა ეგვიპტეში
სტაბილურობა ეგვიპტეში

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ სტატიით სათაურით „გრძელი ბილიკი,“ რომელიც ჟურნალ „ეკონომისტის“ ვებ გვერდზე 10 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„სტაბილურობა ეგვიპტეში არაძალადობრივი ცვლილების საწინდარი შეიძლება გახდეს. ახლად დანიშნულ ვიცე პრეზიდენტ ომარ სულეიმანს, ‘ბრძენთა საბჭოსა’ და ოპოზიციონერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება ფუნდამენტურად ახალი ეგვიპტე წარმოიქმნას. მაგრამ სტაბილურობა, თუ ის მართლაც შენარჩუნდა, შეიძლება მალე ფარულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. არსებობს იმის შიში, რომ ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის მიერ დროის მოგების მცდელობის პარალელურად, ხსენებული მოლაპარაკებების შედეგად ‘მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდი’ ჩაიშლება და ერთი სამხედრო ლიდერის ნაცვლად ძალაუფლებაში სხვა სამხედრო პირი მოვა.

როგორც ჩანს, რეჟიმს სწორედ ამგვარი შედეგი სურს. ტუნისის მმართველებზე ბევრად უფრო მოხერხებულები და გაბედულები, ბატონი მუბარაქი და მისი გუნდი სახალხო გამოსვლების იმპულსის შესუსტებას ქრთამების განაწილებით, გარკვეულ დათმობებზე წასვლით, პროპაგანდითა და რეპრესიებით ცდილობენ. ამ მიზნით სამოქალაქო მოხელეების ხელფასი გაიზარდა და მთავრობამ დაარღვია დიდი ხნის წინ დაწესებული ტაბუ და მუსლიმთა საძმოსთან მოლაპარაკებებს დათანხმდა. იმავდროულად სახელმწიფო მედიამ ანტი-სამთავრობო დემონსტრანტები დაგმო როგორც თავხედი, ნარკოტიკებით გაჟღენთილი და უცხოეთიდან დაფინანსებული ისლამისტი წესრიგის დამრღვევები. უშიშროების სამსახურებმა ბევრი მათგანი დააპატიმრეს, ცემეს და აწამეს. სულ, არეულობის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ბევრი შიშობს, რომ რეჟიმის საიდუმლო პოლიცია შუაღამისას დემონსტრანტებს სახლებში მიაკითხავს.

თუ ეგვიპტეში სახალხო რეფორმა ჩაიშალა, ეს ქვეყნისთვის ტრაგედიის ტოლფასი იქნება. დემოკრატია სრულფასოვანი ფორმით ვერ წარმოიქმნება ქვეყანაში, რომელსაც 30 წლის მანძილზე მართავდა ისეთი პრეზიდენტი როგორიც მუბარაქი იყო. იმავდროულად დემოკრატია ვერ წარმოიქმნება იმ შემთხვევაშიც, თუ ცვლილებების ტემპს გენერლები განსაზღვრავენ. როცა ბატონი სულეიმანი ხაზგასმით აცხადებს, რომ ეგვიპტე დემოკრატიისთვის ‘არ არის მზად,’ იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი უბრალოდ ან უკან დასახევ გზას იტოვებს ან ძალადობრივი კონფრონტაციისთვის ემზადება.“

მიმოხილვას ვასრულებთ სანქტ პეტერბურგში მდებარე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ცენტრის თანამშრომლის გრიგორი გოლოსოვის სტატიით სათაურით „სუვერენული დემოკრატია ეგვიპტურ სტილში,“ რომელიც ვებ გვერდ opendemocracy.net-ზე 11 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ეგვიპტეში სუვერენული დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტები იგივეა რაც რუსეთში. მათ შორის აღსანიშნავია პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან დაკავშირებული რეპრესიული კანონმდებლობა; ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს სრული კონტროლი არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებაზე; არჩევნებიდან ოპოზიციური კანდიდატების გარიცხვა; და არჩევნების შედეგების ღიად გაყალბება."

გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტის რეჟიმი რუსულზე უფრო ლიბერალურია. რუსეთში ამჟამად დარეგისტრირებულია შვიდი პარტია და ალბათ ახლო მომავალში მეტი არც იქნება, მაშინ როცა გასულ წელს ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნებში დაახლოებით ოცი პარტია მონაწილეობდა. ამას რასაკვირველია ხელს უწყობს სასამართლოების შედარებითი დამოუკიდებლობა. მაგრამ ეგვიპტის გამოცდილება ადასტურებს იმასაც, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა პანაცეა როდია. დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მდგომარეობის ფუნდამენტური გაუმჯობესება არ ძალუძს. პროპორციული წარმომადგენლობის სისტემიდან სხვა სისტემაზე გადასვლა დემოკრატიზაციას აგრეთვე არ შველის. ბოროტების ძირი ხომ პიროვნულ დიქტარურაშია და არა იმ სამართლებრივ მექანიზმებში, რომელიც მის ირგვლივ არსებობს.“

XS
SM
MD
LG