ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის არმიის როლი


ეკონომიკური კრიზისის და არეულობის ფონზე არმიის როლი თანდათან შეიძლება ისევ გაიზარდოს

ეგვიპტელებს კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება თითქმის ყოველდღიურად უწევთ. ქვეყანაში ხან საწვავის დეფიციტია, ხან ელექტროენერგიის. პროდუქტზე ფასებიც შესაბამისად იზრდება. გამომცემელი და პოლიტიკური მიმომხილველი ჰიშამ კასიმი მდგომარეობის გაუარესებას ისლამისტურ მთავრობას აბრალებს.

არ გამიკვირდება, თუ ერთხელაც გავიღვიძებ და ქაიროში არც პური იქნება და არც დენი. ამ მდგომარეობამდე თუ მივედით, ისევ არმიის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩაერევა და მთავრობას ძალაუფლებას ჩამოაცილებს“ - ამბობს ის.

სცენარის ამგვარ განვითარებას ეგვიპტელთა ნაწილი მხარს უჭერს. არმია ქვეყანაში დიდი ხანია, რაც სტაბილურობის დამამყარებელ ძალად ითვლება. რევოლუციის პერიოდშიც დემონსტრანტები სამხედრო ძალებს შემდეგი ლოზუნგით ხვდებოდნენ: „ხალხი და არმია ერთიანია“.

არმიის იმიჯი მოგვიანებით გაუფერულდა. ძირითადად იმიტომ, რომ გენერლების დიდმა ნაწილმა ეს ძალაუფლებაში დიდი ხნით დარჩენისთვის გამოიყენა. ბოლო დროს გაჟონილი ინფორმაციით, ისინი მონაწილეობას დემონსტრაციების დარბევაში და ძალადობაშიც კი იღებდნენ.

აქტივისტი, კინორეჟისორი ჰალა გალალი ფიქრობს, რომ ეგვიპტური არმია პოლიტიკაში აღარ ჩაერევა.

არა მგონია არმია ძალაუფლებაში დაბრუნდეს, რადგან მათ ხელისუფლებაში მყოფ მუსლიმ საძმოსთან გარიგება აქვთ“ - ამბობს აქტივისტი.

გარიგების არსებობის, თუ არარსებობის შემთხვევაში ბალანსი ხელისუფლებას და ეგვიპტურ არმიას შორის საკმაოდ დელიკატურია. პრეზიდენტმა მორსიმ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უმაღლესი გენერალიტეტი ჩამოიცილა. თუმცა, როგორც კი მისი ოფისიდან ინფორმაციამ გაჟონა, საშველად ისევ სამხედროებს მოუხმო.

ზიად აკლი პოლიტიკურ და სტრატეგიულ სწავლებათა ალ-აჰრამის ცენტრიდან აცხადებს, რომ არმიას და ისლამისტ ლიდერებს შორის მკვეთრი გამყოფი ხაზია.

„დარწმუნებული ვარ, მუსლიმთა საძმოს და არმიას შორის გარიგება არსებობს, რომელიც მათ თხოვს არ ჩაერიოს რეგიონალურ საკითხებში, ფუნდამენტურ ინტერესებში, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებში. არმია ამ გარიგებას აქამდე დიდი სიზუსტით იცავდა“ - აღნიშნავს ზიად აკლი.

თუმცა კოლაფსის საშიშროებამ შეიძლება ძალთა განლაგება შეცვალოს. და ეს ეგვიპტელთა ნაწილს იმედის და კომფორტის შეგრძნებას უჩენს.

ზიად აკლის თქმით, „ეს იმიჯი თითოეული ეგვიპტელის წარმოსახვაში არსებობს. თუკი ყველაფერი უკან-უკან წავიდა, არმიაა ის ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს. ავტორიტარიზმს ეგვიპტელი ხალხის ცნობიერებაში იმდენად მყარად აქვს ფესვები გადგმული, რომ მისი ნაკლებობა მათ სოციალურ დისკომფორტსაც კი უქმნის“.

პოლიტიკურ და სტრატეგიულ სწავლებათა ალ-აჰრამის ცენტრის მკვლევარს არ ეთანხმება რეჟისორი გალალი და იმ დროს იხსენებს, როცა „მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში ეგვიპტე პრეზიდენტის და პარლამენტის გარეშე ცხოვრობდა. ხალხმა ამ პერიოდში შექმნა სამოქალაქო საზოგადოება, მართალია არასრულყოფილი, მაგრამ ის დღეს არსებობას აგრძელებს“ - აცხადებს რეჟისორი.

ეგვიპტელთა ნაწილს სამოქალაქო საზოგადოების იმედი აქვს. ისეთებიც არიან, ვინც შველას დიდი ხნის ტრადიციების მქონე ძლიერი არმიისგან ელის. იმის მიუხედავად, თუ როგორ გამოსავალს ხედავენ სამომავლოდ რიგითი ეგვიპტელები, სახელმწიფოს კოლაფსის შიში ყველა მათგანს აერთიანებს.
XS
SM
MD
LG