ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეს მომავალი ინდონეზიის მაგალითზე


ეგვიპტეს მომავალი ინდონეზიის მაგალითზე

ეგვიპტეს ხელისუფლებაში სამხედრო ძალების მოსვლა ბადებს კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ როდის დათმობენ და საერთოდ დათმობენ თუ არა ისინი ქვეყნის მართვას. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი გერი თომასი იუწყება, მსოფლიოს სულ სხვა რეგიონში მდებარე ისლამურმა სახელმწიფომ, რომელმაც 13 წლის წინ მსგავსი „სახალხო აჯანყება“ მოაწყო, გარდამავალი პერიოდი დასძლია და ავროკტრატული სახელმწიფოდან ფუნქციონალურ დემოკრატიულ ქვეყნად გადაიქცა. ეს ქვეყანა ინდონეზია გახლავთ და იქ მომხდარი ცვლილებები ეგვიპტესთვის შეიძლება გასათვალისწინებული აღმოჩნდეს.

ხელისუფლებაში ოცდაათი წლის მანძილზე ყოფნის შემდეგ მუსლიმანური ქვეყნის ავტოკრატული ლიდერი მოულოდნელად მასიური სახალხო დემონსტრაციების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. შედეგად, პრეზიდენტი, თავად ყოფილი გენერალი, ხელისუფლებას ტოვებს, რაც ქუჩებში სახალხო ზეიმს იწვევს. ქვეყნის ლიდერის გადადგომის შემდეგ სამხედრო ძალები მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებენ.

ზემოთხსენებული სცენარი ეგვიპტეს არ ეხება და გადაყენებული ლიდერი ჰოსნი მუბარაქი არ არის. ეს მოხდა ინდონეზიაში, ხოლო გადაყენებული ლიდერი ინდონეზიის პრეზიდენტი სუჰარტო გახლდათ.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აზიური რეგიონის განყოფილების ყოფილი დირექტორი კარენ ბრუქსი აღნიშნავს, რომ 1998 წლის ინდონეზიასა და 2011 წლის ეგვიპტეს შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება.

„ორივე ქვეყანაში შეერთებული შტატები ერთგულ მოკავშირეებს - მუბარაქსა და სუჰარტოს - 30 წლის მანძილზე ეხმარებოდა. შეერთებული შტატების დახმარება დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარჯზე ხდებოდა და შედეგად ამგვარი პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც გარე ფაქტორებმა განაპირობა. ინდონეზიის შემთხვევაში ეს აზიის ფინანსური კრიზისი გახლდათ, ხოლო ეგვიპტეში კი ტუნისში მომხდარი ამბები,“ აღნიშნა კარენ ბრუქსმა.

აღსანიშნავია, რომ სამხედროები მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებენ როგორც ეგვიპტეში, ისე ინდონეზიაში. თუმცა, ინდონეზიის შემთხვევაში ისინი უფრო პირდაპირ ფუნქციებს ასრულებდნენ. სუჰარტოს მმართველობის დროს ინდონეზიის სამხედროები, ეგრეთწოდებულ, „ორმაგ ფუნქციას“ ასრულებდნენ, რომელიც როგორც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისე პოლიტიკურ დავალებებს მოიცავდა. კარენ ბრუქსმა პრეზიდენტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს შეერთებული შტატების პოლიტიკაში ინდონეზიის მიმართ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ბრუქსს მიაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში მოვლენების ორგანიზებაში ჯარმა გადამწყვეტი როლი შეასრულა.

„ორივე შემთხვევაში სამხედროები საერო და ნაციონალისტურ ძალას წარმოადგენდნენ. ეს განსაკუთრებით ეგვიპტეს ეხება, სადაც მათ მოვლენების ტრაექტორიის განსაზღვრაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. როგორც ეგვიპტეში ისე ინდონეზიაში ქვეყნის ლიდერების გადაყენებაში სამხედროებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს,“ აღნიშნა ბრუქსმა.

ეგვიპტეს ამჟამად სამხედრო ძალების უზენაესი საბჭო მართავს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ყოველთვის არსებობს იმის შიში, რომ რევოლუციის შემდეგ სამხედროები ძალაუფლებას სამოქალაქო პირებს არ გადასცემენ. მაგრამ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი ემილ ნახლე აღნიშნავს, რომ ინდონეზიაში სამხედროებმა ძალაუფლება სამოქალაქო პირებს დაუთმეს იმის გამო, რომ მათ თავის დროზე სამხედრო მომზადება შეერთებული შტატების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში გაიარეს.

„ყოფილი დიქტატორის სუჰარტოს მმართველობის დროს ინდონეზიელი ოფიცრების დიდი ნაწილი მომზადებას ამერიკაში გადიოდა. მათ გაითვითცნობიერეს ის, რომ ინდონეზიის წინსვლისთვის საჭირო იყო ქვეყანაში სამოქალაქო ხელისუფლების არჩევა. ამდენად, სამხედრო ძალები უკანა პლანზე გადავიდნენ და მმართველი რეჟიმის მიუხედავად, მიზნად მხოლოდ ინდონეზიის დაცვა დაისახეს,“ დასძინა ამერიკელმა ანალიტიკოსმა.

XS
SM
MD
LG