ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ბარაკი ლეიბორისტულ პარტიას ტოვებს


ეჰუდ ბარაკი ლეიბორისტულ პარტიას ტოვებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ცენტრისტულ-მემარცხენე ლეიბორისტული პარტია დატოვა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბარაკის გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი კოალიციის მემარჯვენე ელემენტებს გააძლიერებს.

ეჰუდ ბარაკის წასვლამ ლეიბორისტული პარტიიდან მმართველი კოალიციური მთავრობის სტაბილურობა არ შეარყია, იუწყება იერუსალიმიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლუის რამირესი. როგორც ცნობილია, ისრაელის კოალიციური მთავრობა აერთიანებს როგორც მემარჯვენე ისე მემარცხენე ელემენტებს.

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბატონმა ბარაკმა ლეიბორისტული პარტიიდან გასვლის შესახებ საგანგებო განცხადება პრეს კონფერენციაზე გააკეთა.

ეჰუდ ბარაკმა აღნიშნა, რომ იგი პარტნიორებთან ერთად მალე ახალ ფრაქციას სახელწოდებით „დამოუკიდებლობა“ სათავეში ჩაუდგება. თავდაპირველად ეს იქნება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც შემდგომში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება. „დამოუკიდებლობის“ პოლიტიკური პლატფორმა იქნება ცენტრისტული, სიონისტური და დემოკრატიული, განაცხადა ეჰუდ ბარაკმა.

აღსანიშნავია, რომ პალესტინელებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების სფეროში პროგრესის ნაკლებობამ ლეიბორისტულ პარტიაში აშკარა დაძაბულობა გამოიწვია. ბარაკმა აღნიშნა, რომ მას დაუმთავრებელი შიდა დაპირისირება მობეზრდა.

[ACTUALITY IN HEBREW]

ბარაკის თქმით, ლეიბორისტულ პარტიაში არაჯანსაღი მდგომარეობა შეიქმნა, რის შედეგადაც ბევრ მის თანაპარტიელს ყოველდღიურად სირთულეების დაძლევა უხდება.

აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტული პარტიის მემარცხენე წევრები ცენტრისტ ეჰუდ ბარაკზე ზეწოლას ახდენდნენ რათა პალესტინელებთან მოლაპარაკებებში ისრაელის მთავრობა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. ისინი ბარაკისგან დათმობებს ან პარტიიდან მის წასვლას ითხოვდნენ. თებერვალში ლეიბორისტულ პარტიაში დანიშნულია კენჭისყრა, რომელიც გადაწყვეტს იმას დარჩება თუ არა პარტია მმართველ კოალიციურ მთავრობაში.

ბატონი ბარაკი კოალიციურ მთავრობაში თავისი ახალი ფრაქციით დარჩება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ლეიბორისტული პარტიის რამდენიმე ცნობილი ყოფილი წევრი, ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრის ჩათვლით, ბარაკის ახალ ფრაქციას შეუერთდება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ლეიბორისტების შიდა დაპირისპირება მათი პარტიის დაცემას გარდაუვალს ხდის. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად ლეიბორისტული პარტია ისრაელის პოლიტიკურ ასპარეზზე დომინირებდა.

„ლეიბორისტული პარტია სინოისტურ მოძრაობაში ყველაზე მსხვილი პარტია გახლდათ. სწორედ ამ პარტიის ძალისხმევით ისრაელმა დამოუკიდებლობას მიაღწია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ლეიბორისტები ისრაელს 1977 წლამდე მართავდნენ, ამდენად ის რაც მოხდა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლავთ. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ ლეიბორისტული პარტიის დაკნინება დაიწყო,“ დასძინა ებრაული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორმა გიდეონ რაჰატმა.

ამჟამად ლეიბორისტული პარტია საშუალო ფრაქციას წარმოადგენს. ისრაელის 2009 წლის არჩევნებში ლეიბორისტებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს. პარტიის ზოგიერთი წევრი ეჰუდ ბარაკს ლეიბორისტების მშვიდობიანი და სოციალისტური პრინციპების ღალატში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG