ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განათლება, როგორც ბარიერი


განათლება, როგორც ბარიერი
განათლება, როგორც ბარიერი

ახალგაზრდები კონფლიქტის ზონაში სწავლისა და დასაქმების პრობლემებზე საუბრობენ

ნინო კოპაძე 22 წლის არის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისმა ოჯახმა სწავლის საფასურის გადახდა უმაღლეს სასწავლებელში ვერ შეძლო, ამიტომაც მან მხოლოდ კოლეჯში შეისწავლა ფარმაცია. საცხოვრებელი სხვაგან არ გააჩნია, ამიტომ ერთადერთი, რის „იმედზეც“ შეიძლება იყოს ისაა რომ დვანში აფთიაქი გაიხსნას და იქ დასაქმდეს, თუმცა ეს იმედი ოცნებასთან რომ უფრო ახლოსაა, ვიდრე რეალობასთან ნინო აცნობიერებს. ამბობს, რომ დვანამდე მიმსასვლელი გზა საშინლად გაფუჭებულია და სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი საათნახევარი ჭირდება ქარელიდან რომ ჩავიდეს, გარდა ამისა, დვანი ოსური სოფლების მოსაზღვრედ მდებარეობს, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრთან. ამიტომაც იქ აფთიაქის გახსნას მხოლოდ ძალიან გულადი ადამიანი თუ გაბედავს. დვანში ცხოვრება თუ გააგრძელა, შემოსავლის მისაღებად ერთადერთი პერსპექტივა მისთვის მიწასთან ჭიდილია.

ნინო კოპაძის მეზობელი, დვანის მკვიდრი სოფიო კოპაძე ერთი წელია უკვე „სახლის საქმეს“ აკეთებს. მას სხვა გზა არ აქვს. სკოლა შარშან დაამთავრა, სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში უნდა, მაგრამ ამბობს, რომ მშობლებს არც სწავლის საფასურის გადახდა შეუძლიათ და არც თბილისში მისი ცხოვრების ხარჯების დაფარვა. „ომის შემდეგ, რაც წყალი შეგვიწყვიტეს, მოსავალი ვერავის მოყავს, ყველა დიდ ფინანსურ გასაჭირშია. ჩემს ოჯახსაც არ აქვს არანაირი შემოსავალი,“– გვეუბნება სოფიო.

ქალბატონი თინა ასევე დვანის მკვიდრი, ამბობს, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუმცა ისიც, ისევე როგორც დვანში მცხოვრებთა უმეტესობა უძლურია შვილების სწავლის ხარჯი დაფაროს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სიახლეა სტუდენტების დაფინანსების თვალსაზრისით და 30 სტუდენტი, რომლების კონფლიქტის ზონიდან იქნებიან სახელმწიფოს ხარჯზე მოახერხებენ განათლების მიღებას. თუმცა ეს ჯერ სიახლეა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ადგილობრივი რესურს–ცენტრები და სკოლები გაავრცელებენ.

იმ 30 შემთხვევცაშიც კი, თუ სწავლის საფასურს სახელმწიფო დაფარავს, ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის თბილისში ან გორში სტუდენტის ცხოვრების ხარჯის დაფარვაც გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG