ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე დღეს ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევარი ათასობის ადამიანი შეიკრიბა. რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ წმინდა პეტრეს ტაძარში აღდგომის წირვა ჩატარა.
აღდგომის დღეს რომში ყოფნა მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს:
„აღდგომა დღეს აქ ყოფნა უდიდესი შვების მომგვრელია. მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება მსოფლიოში, როცა ადამიანი აღდგომას აქ ესწრება ახალი იმედით ივსება. გარდა ამისა, აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან არიან მორწმუნეები ჩამოსული.“
წირვის დასრულების შემდეგ, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან პაპმა მოედანზე შეკრებილ ხალხს ტრადიციული სააღდგომო სიტყვით მიმართა.
მან ქრისტიანულ სამყაროს იმ ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა, რომლებიც აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე ომების შედეგად იტანჯებიან. პაპმა ყურადღება განსაკუთრებით ლიბიასა და სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაზე გაამახვილა. პაპმა ყველას მოუწოდა იმ ადამიანების თანაგრძნობისკენ, რომლიბსაც კონფლიქტების გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ და კონფლიქტებში საყვარელი ადამიანები დაკარგეს.
რომის პაპმა იაპონიაც გაიხსენა და თითოეულ მორწმუნეს იაპონელის ერის თანადგომისკენ მოუხმო.
მიმართვის დასრულების შემდეგ, ბენედიქტე მე-16-მ წმინდა პეტრეს ტაძართან შეკრებილი ხალხი აკურთხა და მორწმუნეებს 60 ენაზე მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.