ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კურტ ვოლკერმა მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა


უკრაინის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიც დატოვა. მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვოლკერმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოძიებასთან და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს ინსტიტუტის საქმიანობაზე გავლენა არ მოეხდინა.

"გასული შვიდნახევარი წლის განმავლობაში, მე აქტიურად ვმუშაობდი სინდი მაკკეინთან, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრებთან და გუნდთან ერთად იმისათვის, რომ აგვეშენებინა ინსტიტუტი, რომლის საქმიანობაც მიეძღვნებოდა პიროვნული ლიდერობის განვითარებასა და რეალურ სამყაროში სხვადასხვა საკითხზე ცვლილებების მიღწევას", - ვკითხულობთ ვოლკერის განცხდებას ინსტიტუტის მიერ პრესისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

ვოლკერის თქმით, მისი, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის მიმართ არსებული მედია ინტერესს ინსტიტუტის მიღწევებისგან ყურადღება სხვა მიმართულებით გადააქვს.

სენატორ ჯონ მაკკეინის მეუღლემ, ვის სახელსაც ინსტიტუტი ატარებს, ვოლკერს, ორგანიზაციისთვის გაწეული საქმიანობისთვის, ისევე როგორც სენატორისა და მისი ოჯახის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ინსტიტუტს გარდამავალ პერიოდში საბჭოს წარმომადგენელი ფრენ თაუნსენდი უხელმძღვანელებს.

ამ განცხადებამდე ოთხი დღით ადრე, კურტ ვოლკერი წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე კომიტეტის წევრების შეკითხვებს 9 საათზე მეტხანს პასუხობდა. ის პირველი მოწმე იყო, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. საქმე დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის ივლისში გამართულ სატელეფონო საუბარს ეხება და იმას, ცდილობდნენ თუ არა მოქმედი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წევრები ზეწოლის მოხდენას უკრაინის პრეზიდენტზე, რათა ამ უკანასკნელს, ტრამპის მეტოქის, საპრეზიდენტო კანდიდატისა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილის ბიზნეს-საქმიანობა გამოეძიებინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG