ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები რუსეთში შექმნილ მდგომარეობას აფასებენ


ჰადსონის ინსტიტუტის რუსეთის საკითხების ექსპერტები დევიდ სეტერი და ანდრეი პიონტკოვსკი

გუშინ, ჰადსონის ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა თემაზე „დომოდედოვოს თავდასხმის შემდეგ: რუსული დემოკრატიის მდგომარეობის შეფასება.“ შეხვედრაზე შენიშვნებით გამოვიდნენ ამავე კვლევითი ორგანიზაციის რუსეთის საკითხების ექსპერტები დევიდ სეტერი და ანდრეი პიონტკოვსკი. თავის გამოსვლაში ბატონმა სეტერმა აღნიშნა, რომ თავდასხმამ დომოდედოვოს აეროპორტზე რუსეთში რეგულარულად ჩამსვლელი უცხოელები უდავოდ ძალიან შეაშფოთა. მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ასპექტი გახლდათ ის, რომ ტაქსის მძღოლებმა უნამუსოდ იხელთეს მომენტი და აფეთქებას გადარჩენილი პირებისგან მოსკოვის ცენტრამდე მისაყვანად 20,000 რუბლს ანუ დაახლოებით 700 დოლარს ითხოვდნენ.

„ამგვარი ცინიზმი და ტრაგედიის სრული უგულვებელყოფა მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის მძღოლები შეიძლება იგივე მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, სამწუხაროდ შემთხვევითი როდია. ამგვარი რეაქცია აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი საზოგადოების ძალისხმევას მოითხოვს. ეს ძალისხმევა კი გარკვეულ აზროვნებას უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც თანამედროვე რუსეთში უბრალოდ არ შეინიშნება,“ აღნიშნა სეტერმა.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ტერორისტული საფრთხე ჩრდილოეთ კავკასიაში ხელოვნურად იქმნება, რადგან იქ ეს პრობლემა ადრე საერთოდ არ არსებობდა. თითქმის ყოველ წელს ეს საფრთხე უარესდება, რასაც ადასტურებს ბორის ნემცოვის მიერ მოყვანილი მონაცემები, რომლის თანახმადაც მას შემდეგ რაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა ტერორისტული აქტების რიცხვი განუხრელად იზრდება. მაგალითად, 2000 წელს დაახლოებით 130 ტერორისტული აქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2010 წელს ეს მაჩვენებლი 750-მდე გაიზარდა.

„ამდენად, ტერორისტების განადგურებისკენ მიმართულ პუტინის ძალისხმევას და აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის, რომ თითქმის ყოველ ტერორისტულ ქმედებას, როგორც წესი, საკმაოდ მკაცრი ოფიციალური განცხადებები მოჰყვება, დღემდე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული საფრთხე არ შეუმცირებია,“ აღნიშნა სეტერმა.

ჩეჩნეთთან დაკავშირებით სეტერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გაჩაღებული პროპაგანდისტული კამპანიისა, რომელიც ჩეჩენ მებრძოლებს ალ ყაიდასა და საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირებს, ვაჰაბიტების იდეოლოგია ჩეჩნეთში დიდი პოპულარობით არასდროს სარგებლობდა, რაც მნიშვნელოვანი მსოფლმხედველობრივი განსხვავებებით აიხსნება. მაგალითად გამოდგება თუნდაც ის, რომ ჩეჩნური ტრადიცია ქალების გაგზავნას თვითმკვლელი ტერორისტების სახით არ ამართლებს.

„არსებობს იმის მინიშნებები და ეს საერთოდ ცალკე დისკუსიის საგანს წარმოადგენს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და უშიშროების სხვა სამსახურები ბევრ სიტუაციაში ისლამურ ექსტრემისტებთან თანამშრომლობდნენ ჩეჩნეთში ზომიერი ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ რუსეთისგან გამოყოფას ითხოვდნენ კონფედერაციის პირობებზე,“ აღნიშნა სეტერმა.

ანდრეი პიონტკოვსკიმ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დომოდედოვოს თავდასხმის შემდეგ რუსეთის პრემიერ მინისტრმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩნები ხსენებულ თავდასხმაში არ მონაწილეობდნენ. ეს განცხადება მან იმის გამო გააკეთა, რომ მას რამზან კადიროვის გაღიზიანება არ სურდა. ამასთან დაკავშირებით პიონტკოვსკიმ აღნიშნა:

„კავკასიაში თხუთმეტწლიანი ომის შემდეგ, პარადოქსი და სირცხვილი რუსეთში შექმნილი ვითარებისა მდგომარეობს იმაში, რომ ახლა პუტინი კადიროვზე უფრო დამოკიდებულია ვიდრე პირიქით.“

შეხვედრის დასასრულს დევიდ სეტერმა დასძინა:

„ერთი რამ კი აბსოლუტურად ცხადია - რომ რუსეთის მთავრობა კორუფციისა და სისასტიკის მეოხებით მის მიერ გამოწვეულ და მის წინაშე მდგარ ტერორისტულ საფრთხეს ვერ გაუმკლავდება. ამდენად აუცილებელია ჩდილოეთ კავკასიის მოსახლეობასთან ადამიანურ დონეზე კონტაქტის დამყარება რადგან კრიმინალური ლიდერების დანიშნვნამ იქ ტერორისტული საფრთხე მხოლოდ გააღვივა.“

XS
SM
MD
LG