ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ გენ-მოდიფიცირებული საკვების ექსპორტს ითხოვს


ევროკავშირში სერიოზული პროტესტით ხვდებიან გენ-მოდიფიცირებული საკვების აშშ-დან ექსპორტის მოთხოვნას

ევროკავშირს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაცია გააჩნია გენ-მოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით. ასეთი სახის პროდუქცია ძალიან ფრთხილ შემოწმებას, შეფუთვას და კონტროლს მოითხოვს. ასეთი პროდუქტის დნმ ლაბორატორიებში იცვლება. დავა ამ სახის პროდუქციაზე წელს უფრო გამწვავდა, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების დაწყების პროცესის გააქტიურებასთან ერთად. ბევრს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ შეთანხმება შედგება ამერიკაში წარმოებული გენ-მოდიფიცირებული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლასთან დაკავშირებით. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანა ჰონც ვარდი ფრანკფურტიდან მოგვითხრობს.


ფრედერიკ შმიდტი გერმანელი ფერმერია, რომელიც ფრანკფურტის სიახლოვეს მდებარე პატარა სასოფლო-სამეურნეო დასახლებაში 170 ჰექტარის მიწის ფართობს ფლობს.



მის ფერმას კარგად იცნობენ სამეზობლოში თავის გემრიელი ვაშლით, ატმით და მსხლით, მოყავს ბოსტნეულიც - სატაცური. მომხმარებელთა უმრავლესობა ადგილობრივი მკვიდრია, მყიდველი მეზობელი სოფლიდანაც ჩადის, არის შეკვეთები ფრანკფურტის სუპერ მარკეტებიდანაც. შმიდტმა წარმატებას მის მიერ წარმოებული ხილის და ბოსტნეულის ხარისხის ხარჯზე მიაღწია. მის ფერმაში ყველაფერი ნატურალური და ბუნებრივია.



ფრედერიკ შმიდტი: ფერმაში დიდ ყურადღებას ვაქცევთ მდგრადობის შენარჩუნების პრინციპებს, რაც ამ მიწის შენახვას ნიშნავს, რომ მისი მონაცემები მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეს, რომლებიც ასევე წარმატებულ ფერმერებად შეიძლება იქცნენ. მიწის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, მას გონივრული მიდგომა სჭირდება, რათა მომავალ თაობებსაც შეეძლოთ ამ მიწაზე პროდუქციის დამუშავება და მოყვანა.



1980-90-იან წლებში, როდესაც გენ-მოდიფიცირებულმა კულტურამ გავრცელება დაიწყო, გერმანელი ფერმერები თავიანთი პრინციპების ერთგულები მაინც დარჩნენ და ახლა გენური ინჟინერიით დამუშავებული ხილის და ბოსტნეულის წინააღმდეგ გამოდიან იმ მოტივით, რომ ასეთი პროდუქტი მავნეა ჯანმრთელობისთვის და გარემოსაც აბინძურებს.



შეერთებული შტატების და კანადის არაერთ მცდელობას - გენ-მოდიფიცირებული პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ ევროკავშირის ქვეყნებში, სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. ეს პრობლემა კვლავ წამოიჭრა ამ ზაფხულს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ვაშინგტონში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობა დაიწყეს. ამ შეხვედრის დროს განიხილებოდა გენ- მოდიფიცირებული სიმინდის, სოიოს და ჭარხლის ამერიკიდან ევროპის მიმართულებით ექსპორტის საკითხი.



ვაშინგტონში, გერმანიის საელჩოს კვებისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტი თომას შმიდტი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.



თომას შმიდტი: ევროპისთვის ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში უამრავი ადამიანი გენური ინჟინერიით მიღებული კულტურების წინააღმდეგია. ასევე ამ საკითხს, რასაკვირველია პოლიტიკური ელფერიც აქვს.



ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გერმანელების 75% გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქციის მოხმარების და გავრცელების წინააღმდეგია.



სიმინდის სახეობა, რომელიც ქიმიური გიგანტის მონსანტოს საშუალებით იქმნება, 2009 წელს აკრძალეს, ასევე ამფლორაც, გენ-მოდიფიცირებულად ნაწარმოები კარტოფილი, რომელიც კომპანია „ბასფმა“ აწარმოა, ის ერთ-ერთმა გერმანელმა ფერმერმაც მოიყვანა, თუმცა 2010-11 წლებში "მონსანტოს" მსგავსად ისიც აიკრძალა. კომპანია „ბასფის“ წინააღმდეგ ისეთი სერიოზული კამპანია გაჩაღდა, რომ ქიმიური გიგანტი იძულებული გახდა გერმანია დაეტოვებინა და თავისი ბიო წარმოებით ამერიკაში გადასულიყო.



28 წლის გერმანელი, კრისტინ კოსტერისთვის, როგორც თავად ამბობს გენ-მოდიფიცირებულ საკვებზე უარი მისი პრინციპული გადაწყვეტილებაა.



კრისტინ კოსტერი: მე სიამოვნებით გადავიხდი დამატებით რამდენიმე ევროს ნატურალური საკვებისთვის, რომელიც ორგანული წარმოებისაა, პესტიციდების და გენური ინჟინერიის გარეშეა შექმნილი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა გენ-მოდიფიცირებული გზით წარმოებული არანაირი საკვების მიღება.



მსჯელობა ამ საკითხზე ევროკავშირშიც მიმდინარეობს, მათ შორის ესპანეთშიც, სადაც გენ-მოდიფიცირებულ კულტურას ამჟამად აწარმოებენ. ესპანეთში აცხადებენ, რომ ევროპამ გენური ინჟინერით დამზადებული პროდუქტი ან უნდა მიიღოს ან ეკონომიკურ განვითარებაზე თქვას უარი. ისინი ასევე იმასაც აღნიშნავენ, რომ მართალია გენ-მოდიფიცირებული სიმინდი იკრძალება, ევროპა მაინც დამოკიდებულია ამერიკიდან იმპორტირებულ გენური ინჟინერიით მოყვანილ სიმინდზე, სამხრეთ ამერიკულ სოიოზე და არგენტინაში ნაწარმოებ შინაური ცხოველების საკვებზე.



კითხვაზე, ელოდება თუ არა თომას შმიდტი საკითხის მოგვარებას ამერიკა-ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების დროს, ის პასუხობს, რომ კომპრომისზე წასვლა რთული იქნება.



თომას შმიდტი: ამ საკითხს ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ვაჭრობას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ამერიკა-ევროკავშირს შორის ვაჭრობის საერთო ბრუნვაში მხოლოდ 4% უკავია. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ვაჭრობის ეს 4% 96-მდე გაიზარდოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს განსხვავებული პოზიციები და იპოვონ გზა რათა, ამ განსხვავებებით გააგრძელონ ცხოვრება, ისე რომ ვაჭრობას ნაკლები ზიანი მიადგეს.



ამჟამად ევროკავშირი ამერიკიდან იმპორტირებული საქონელის ყველაზე დიდი მომხმარებელია. გენ-მოდიფიცირებული პროდუქციის ამერიკიდან ექსპორტზე შესაძლო შეთანხმებამ შესაძლოა ატლანტიკის ოკეანის ორივე ნაპირზე მდებარე ქვეყნებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება მოუტანოს. თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე შეთანხმება სავარაუდოდ 2014 წლის ბოლოს დასრულდება.
XS
SM
MD
LG