ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავით უსუფაშვილი ნიუ-იორკშია


ფოტო: რადიო თავისუფლება
ფოტო: რადიო თავისუფლება

დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში. სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი გაერო-ს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც მსოფლიოს 140-მდე ქვეყნის საპარლამენტო ლიდერი დაესწრება. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხები.

ორშაბათს, პარლამენტის სპიკერთა მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე სპეციალური განცხადებით გამოვა გაეროს გენერალური მდივან ბან კი მუნი, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტი საბერ ჩოდერი და გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი სემ ქუტესი.

1 სექტემბერს კონფერენციის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სიტყვით მიმართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე ორმხრივი შეხვედრები ექნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ან ბრასორთან და ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტთან ილკა კანერვასთან.

დაგეგმილია დავით უსუფაშვილის შეხვედრები ევროპის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება ვიეტნამის ეროვნული დღესასწაულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მიღებას.

საპარლამენტთაშორისო კავშირის პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე სულ ხუთი პლენარული სხდომა გაიმართება. კონფერენიაზე მიიღებენ დეკლარაციას. ფორუმი მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური ფორმატია. კონფერენცია ნაწილია იმ რიგი მაღალი დონის შეხვედრებისა, რომლებიც 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, გაერო-ს სამიტზე შეჯამდება.

პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენცია პირველად 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში მესამედ მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის ინტერვიუ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში სამუშაო ვიზიტს 3 სექტემბერს დაასრულებს.

XS
SM
MD
LG