ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის წევრზე თავდასხმა ცხარე დებატებს იწვევს


კონგრესის წევრზე თავდასხმა ცხარე დებატებს იწვევს
კონგრესის წევრზე თავდასხმა ცხარე დებატებს იწვევს

გუშინ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და კონგრესის წევრებმა გასულ შაბათს არიზონას შტატში მომხდარ ტრაგედიაში დაღუპულ და დაჭრილ პირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც ცნობილია, ხსენებული თავდასხმის შედეგად შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი გაბრიელ გიფორდსი მძიმედ დაიჭრა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალონი ვაშინგტონიდან იუწყება, საზარელი თავდასხმის შემდეგ ამერიკელებს შორის სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ ამ ბოლო ხანებში ეროვნულ პოლიტიკურ დებატებში დამკვიდრებულმა შეუმწყნარებლურმა ტონმა შეიძლება არიზონაში დატრიალებულ ტრაგედიაში თავისი წვლილი შეიტანა.

გუშინ პრეზიდენტმა ობამამ და პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ თეთრ სახლში არიზონას შტატში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თეთრ სახლში გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ გამოთქვა იმედი, რომ არიზონაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ამერიკელები გაერთიანდებიან.

„მომდევნო დღეებში ჩვენ ბევრი დრო გვექნება რათა მომხდარი გავიაზროთ. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ იმ ხალხზე ვიფიქროთ და ვილოცოთ, ვინც ამ ტრაგედიაში დაშავდა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, უნდა გავერთიანდეთ,“ განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

არიზონაში მომხდარ თავდასხმაში ექვსი ადამიანი დაიღუპა. კონგრესის წევრი გაბრიელ გიფორდსი და რამდენიმე სხვა პირი მძიმედ დაშავდნენ. თავდასხმამ გამოიწვია ეროვნული დებატები იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულ შტატებში ამ ბოლო ხანებში დამკვიდრებული მძაფრი პოლიტიკური რიტორიკა შეიძლება ძალადობას ასაზრდოებდეს.

ჯორჯ მილერი არიზონას შტატში მდებარე ქალაქ ტუსონის ყოფილი მერია. როგორც მოგეხსენებათ, თავდასხმა სწორედ ტუსონში მოხდა. მილერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ზედმეტად პოლიტიზირებულმა ატმოსფერომ თავდასხმის განხორციელებაში ეჭვმიტანილ ჯარედ ლაფნერზე შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.

„ეს სიძულვილი ამ ფსიქიურად არასტაბილურ ახალგაზრდას უდავოდ ასაზრდოებდა. ის დებატები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ, მე პირადად მაშფოთებს. მე ჩვენი ქვეყნის მომავალი მადარდებს,“ აღნიშნა მილერმა.

ჯერ-ჯერობით გამოძიებას არ დაუდგენია, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილს რაიმე პოლიტიკური საბაბი ამოძრავებდა.

ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკელმა სენატორმა არიზონას შტატიდან ჯონ კილმა ტელეარხ CBS-ზე გამოსვლისას კერძოდ აღნიშნა:

„ჩვენთვის უცნობია ის თუ რა ამოძრავებდა ამ ახალგაზრდას, გარდა იმისა, რომ მას ბევრი ფსიქიური პრობლემა ჰქონდა. ვფიქრობ მისთვის რომელიმე პოლიტიკური ფილოსოფიის მიწერა მიზანშეწონილი როდია.“

არიზონაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ეროვნული დებატები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის დაწესება და კონგრესის წევრების დაცვა ალბათ უფრო გამწვავდება.

XS
SM
MD
LG