ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის გლობალური ინიციატივა


კლინტონის ინიციატივამ 180 ქვეყნის 400 მილიონი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მოახდინა გავლენა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

„სი-ჯი-აის“ სახელით ცნობილ კლინტონის გლობალურ ინიციატივას ყოფილმა პრეზიდენტმა საფუძველი 2005 წელს დაუდო. მისი მიზანი იდეების განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობაა. „იდეის საქმედ ქცევა“ - ასე ჟღერს ორგანიზაციის მთავარი მისია.

კლინტონის გლობალური ინიციატივა ნიუ იორკის ყოველწლიურ შეხვედრებზე 150 სახელმწიფო მეთაურს, 20 ნობელის პრემიის ლაურეატს და ასობით წამყვანი კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მედიის წარმომადგენლებს და ფილანტროპებს აერთიანებს. სპეციალისტების შეფასებით, კლინტონის ინიციატივამ 180 ქვეყნის 400 მილიონი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მოახდინა გავლენა. სრული დაფინანსების დასრულების შემთხვევაში, კლინტონის ინიციატივის ფონდი 69 მილიარდს მიაღწევს.

წლევანდელი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ქალების, ბავშვების უფლებები და მათი დაცვა გახლდათ. მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ მომდევნო 20-25 წლის მანძილზე მოსახლეობა დედამიწაზე გაორმაგდება.

ამ პროგნოზის შესახებ კლინტონის გლობალური ინიციატივის ორშაბათის შეხვედრაზე გაეროს ადამიანთა დასახლებების ცენტრის - „ჰაბიტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა და გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჟონ კლოსმა განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის ყველაზე დიდი ზრდა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებშია მოსალოდნელი.

კლოსი, ასევე, ამბობს, რომ საკუთრების ფლობაზე მათი უუფლებობის გამო, ყველაზე მეტად ქალები დაზარალდებიან:

„ჩვენ არ გვექნება სათანადო ბერკეტები მათ დასახმარებლად, თუ ოჯახებს და ქალებს საკუთრებაზე უფლება არ ექნებათ. ქალების მიერ საკუთრების ფლობის უფლებასთან დაკავშირებულ კითხვას რაც შეეხება, ერთი რამ ცხადია: საკუთრებაზე უფლებას მსოფლიოში ქალების მხოლოდ 1 პროცენტი ფლობს,” - განმარტავს ჟონ კლოსი.

„ჰაბიტატ ფორ ჰუმანითის” აღმასრულებელი დირექტორის, ჯონათან რეკფორდის თქმით, ღარიბ ქვეყნებში ქალების უმეტესობას ხელი არ მიუწვდება საკრედიტო და დანაზოგების პროგრამებზე. გარდა ამისა, მათ მემკვიდრეობით ქონების მიღების უფლებაც არ გააჩნიათ. ქალებისათვის ამ უფლებების მინიჭება მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.

„თუ გოგონას საცხოვრებლად ელემენტარული თავშესაფარი არ აქვს, ის ვერ გაიზრდება ჯანმრთელი; მას არც განათლების მიღების საშუალება არ ექნება მაშინაც კი, თუ სკოლა არსებობს. შედეგად კი იმას მივიღებთ, რომ მას საარსებო წყარო არ ექნება. თუ არ იარსებებს მემკვიდრეობის უფლებები, ეს გოგონა დაუცველი ხდება, ფიზიკურადაც დაუცველი,” - ამბობს ჯონათან რეკფორდი.

კლინტონის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, ასევე, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა შემუშავდეს ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები ერთიანი გლობალური სისტემის სახით ბავშვებისათვის, განსაკუთრებით კი, ახალშობილთათვის, მათი დაბადებიდან 1,000 დღის განმავლობაში. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის - „გადაარჩინე ბავშვები” - აღმასრულებელი დირექტორის, კეროლინ მაილსის თქმით, ფიზიკური განვითარების ამ მეტად კრიტიკულ პერიოდში, არასათანადო კვება ტვინის სამუდამო დაზიანებას იწვევს. ეს არამხოლოდ ამ ბავშვებზე ახდენს ზეგავლენას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის 2-დან 3 პროცენტამდე კლებას განაპირობებს.

„ადრეული კვების საკითხზე ზემოქმედება აუცილებელია - რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვები კარგად იკვებებოდნენ - მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეკონომიკური საკითხიცაა,” - განმარტავს კეროლინ მაილსი.

მალავის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჯოის ბანდამ სათანადო კვებასა და ზოგადად აფრიკის კეთილდღეობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ისაუბრა:

„აფრიკამ არჩევანი უნდა გააკეთოს, თუ როგორი თაობა უნდა მას სამომავლოდ, რადგან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მზრუნველობას გამოვიჩენთ ჩვენს შვილებზე მათი დაბადებიდან პირველი 1000 დღის განმავლობაში,” - განაცხადა პრეზიდენტმა ბანდამ.

კლინტონის გლობალური ინიციატივის წლევანდელი თემა - „მუშაობა გავლენისთვის" - იმასაც შეეხო, თუ როგორ შეიძლება გამოყენებული იქნას ტალახის აგურები, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამშენებლო მასალა, მეტი სახლის ასაშენებლად. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ინიციატივა შეეხო სამზარეულოების გაუმჯობესებული დიზაინის საკითხს უკავშირდება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება სამზარეულოებში არასათანადო ვენტილაციისგან გამოწვეული კვამლის მიზეზით განვითარებული ასფიქსიის შედეგად.

კლინტონის გლობალური ინიციატივის წლევანდელ შეხვედრაში უამრავი ამჟამინდელი და ყოფილი პოლიტიკური ლიდერი იღებს მონაწილეობას. მათ შორის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ტონი ბლერი, შეერთებული შტატების ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი და მექსიკისა და ეგვიპტის პრეზიდენტებიც არიან.
XS
SM
MD
LG