ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„100 ქალის ინიციატივა“


„100 ქალის ინიციატივა“

"ქალებისთვის ძალაუფლების მინიჭება და მათ შესაძლებლობებში ინვესტირება ყოველთვის ამართლებს. ჩვენ მუდამ ვიყავით და ვიქნებით პიონერები მეცნიერებაში, ბიზნესში, სამოქალაქო საზოგადოებაში და მთავრობაში. ქალთა გარეშე შეუძლებელია ისეთი გლობალური პრობლემების დაძლევა, როგორიცაა შიმშილი და სიღარიბე“. ამ სიტყვებით გახსნა ქალბატონმა კლინტონმა ამერიკული პროგრამა სახელწოდებით: „100 ქალის ინიციატივა: ქალთა უფლებებით აღჭურვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით“.

პროგრამაში 92 ქვეყნიდან ჩამოსული 100 სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული ქალი იღებს მონაწილეობას და ის ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, 100 წლისთავს ეძღვნება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა იქ დამსწრე საზოგადოების ღვაწლიც აღნიშნა:

“რახელ ფერნანდესი პარაგვაელ ქალებს მონური შრომიდან თავის დაღწევაში ეხმარება. სუდანში აიშა ჰუმადი ცდილობს გაანათლოს ისინი და გააგებინოს, რომ მათ გარკვეული უფლებები გააჩნიათ და მათი მოპოვების და შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო“.

„100 ქალის ინიციატივა“ ორგანიზებას გაუკეთებს საერთაშორისო ლიდერთა სავიზიტო პროგრამას, რომელიც 5200 ქალს ჩამოიყვანს შეერთებულ შტატებში, შეახვედრებს მათ ადგილობრივ ლიდერებს და ამერიკაში ცხოვრების გამოცდილებას აზიარებს.

ქალბატონი კლინტონი ჯერ კიდევ ამერიკის პირველი ლედი გახლდათ, როდესაც მან დაიწყო ბრძოლა იმისთვის, რომ ქალთა უფლებები შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქცეულიყო. ამ კვირაში მოწყობილი პროგრამის, „100 ქალის ინიციატივა“, პრეზენტაციით ჰილარი კლინტონმა გახსნა მთელი რიგი ღონისძიებების სერია, რომელსაც მომავალში მსოფლიოს ქალთა ცხოვრებაზე უშუალო ზეგავლენა ექნება.

დამსწრე ქალბატონებს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა თავიანთ სახელმწოფოთა ელჩები უწოდა და მოუწოდა მათ არ დაელოდონ საკუთარი ქვეყნის პოლიტიკოსებს თუ დიპლომატებს. - არამედ თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები ერთმანეთისკენ, რომლებიც ძირეული ცვლილების მატარებელია და ამ რთული გარდატეხების პერიოდში სახელმწიფოებს შორის მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

ერთ-ერთი ქალბატონის შეკითხვას, არის თუ არა მზად თავად შეერთებული შტატები ქვეყნის პრეზიდენტად ქალის არჩევისთვის, სახელმწიფო მდივნის აპარატის უფროსმა, შერილ მილსმა უპასუხა:

„ჩვენმა ქვეყანამ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე დაადასტურა, რომ ის თითქმის მზად არის ლიდერობის უფლება ქალს მიანიჭოს. თუმცა, ვფიქრობ რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის ჩვენ ცოტა მეტი დრო გვჭირდება“.

რვა მარტისადმი მიძღვნილი პროგრამა, „100 ქალის ინიციატივა“, შეერთებულ შტატებში 3 კვირა გასტანს და ქალთა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თუ სოცალურ მიღწევებს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG