ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ახლო აღმოსავლეთში რეფორმებს უჭერს მხარს


კლინტონი ახლო აღმოსავლეთში რეფორმებს უჭერს მხარს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარსულში შეერთებული შტატები მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა ახლო აღმოსავლეთის დიქტატორულ რეჟიმებთან, ამჟამად ვაშინგტონის პოზიცია მათ მიმართ სოლიდარობის გამოცხადებაა, ვინც რეგიონში დემოკრატიის დამყარებას ცდილობს.

ვაშინგტონში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა აღნიშნა, რომ ამერიკა ყოველთვის არ ითხოვდა ახლო აღმოსავლეთის ავროკრატული რეჟიმებისგან რეფორმების განხორციელებას. ამას კი იმით ხსნიდა, რომ სხვაგვარად ექსტრემიზმის თავიდან აცილების სხვა ხერხი არ გააჩნდა.

კლინტონმა აღნიშნა, რომ ნამდვილი არჩევანი დღეს რეფორმებსა და შიდა-პოლიტიკურ არეულობას შორის უნდა გაკეთდეს:

„სინამდვილეში, ახლო აღმოსავლეთში დღეს არსებული არეულობის მიზეზი არა ცვლილებების მოთხოვნაა, არამედ ის, რომ მთავრობები ცვლილებებზე უარს აცხადებენ. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთება სირიაში, სადაც მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა გამოიწვია და ათობით ათასს კი იძულებით შეაცვლევინა საცხოვრებელი ადგილი. იგივე შეიძლება ითქვას იემენზეც, სადაც პრეზიდენტმა სალეჰმა არაერთხელ დაარღვია დადებული პირობა, რომ დემოკრატიულ რეფორმებს განახორციელებდა. მსგავსი ვითარება იყო ეგვიპტეშიც.“

კლინტონის თქმით, თუ ეგვიპტეში დემოკრატიული არჩევნები მალე არ ჩატარდა და ხალხს აზრის გამოხატვის საშუალება არ მიეცა, ქვეყანა კვლავ გაუშვებს ხელიდან დემოკრატიული გარდაქმნის შანსს და სამომავლოდ, შიდა-პოლიტიკური არეულობის საფუძველს გააჩენს.

სიტყვით გამოსვლისას, კლინტონმა ყველაზე მკაცრად სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი გააკრტიკა და თქვა, რომ მან არაბული ქვეყნების ლიგის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის თითქმის ყველა პუნქტი დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ გეგმას გასულ კვირას თავად ასადიც დაეთანხმა:

„ის სისტემატურად არღვევს გეგმის ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებს. მან არ გაათავისუფლა დაკავებული პირები, არ უშვებს ჟურნალისტებს არაბული ლიგის დამკვირვებლებთან დასალაპარაკებლად, მას არ გამოუყვანია შეიარაღებული ძალები დასახლებული პუნქტებიდან და ის რა თქმა უნდა, არ წყვეტს ძალის გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ. პირიქით, რეჟიმი უფრო ინტენსიურად იყენებს ძალას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაგალითად ქალაქ ჰომსში. ასადმა შეიძლება ცვლილებების ტემპი შეანელოს, მაგრამ ის სირიელი ხალხისგან თავისუფლებისა და დემოკრატიის ლეგიტიმურ მოთხოვნას ვერ შეაჩერებს.“

კლინტონმა ირანის ხელისუფლებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თეირანი არნახულ პოლიტიკურ თამაშს ეწევა, აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო საკუთარ ქვეყნაში კი დემონსტრაციების მოაწილეების წინააღმდეგ უხეშ ძალას იყენებს.

კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს ახლო აღმოსავლეთის ისლამისტ რეჟიმებთან, რომლებსაც ხალხი აირჩევს. ერთადერთი, მოთხოვნა, რომელიც ვაშინგტონს მათ მიმართ ექნება, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.

ეროვნულ დემომოკრატიულ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა უკმაყოფილება გამოთქვა ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების შეჩერების თაობაზე. მისი თქმით, წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება იმის ფიქრი ნებისმიერი მხარის გადმოსახედიდან, რომ სამშვიდობო მოპალარაკებები დროებით შეაჩერონ და არსებული დაძაბული ვითარების დასრულებას დაელოდონ. მისი თქმით, ისრაელ-პალესტინელებს შორის არსებული მდგომარეობა ერთადერთი სტატუს ქვოა, რომელლის შენარჩუნებასაც რეგიონი დიდი ხნით ვერ მოახერხებს.

XS
SM
MD
LG