ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი კონგრესის წინაშე წარსდგება


სახელმწიფო მდივანი ჩვენებებს ბენღაზიში ამერიკის ელჩის და მისი 3 თანამშრომლის მკვლელობის თაობაზე მისცემს

შეერთებული შტატების კონგრესში 23 იანვარს დანიშნულ საგანგებო მოსმენებზე სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ჩვენებებს ლიბიაში 2012 წლის სექტემბერში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ მისცემს. ქალაქ ბენღაზიში ტერორისტული თავდასხმის შედეგად მაშინ ამერიკის ელჩი და საელჩოს 3 თანამშრომელი დაიღუპა. სახელმწიფო მდივანი კონგრესში გასულ თვეში უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ მოსმენები მისი ავადმყოფობის გამო გადაიდო.

ბენღაზიში მომხდარი შეტევიდან 4 თვის თავზე, რომელმაც დიპლომატიური სამსახურების უსაფრთხოების სისტემაში არსებული სერიოზული ხარვეზები გამოავლინა, ამერიკელ კანონმდებლებს კლინტონის მოსმენის საშუალება პირველად ეძლევათ. სავარაუდოდ, შეერთებული შტატების უმაღლესი დიპლომატისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პერიოდში ეს საკონგრესო მოსმენების ბოლო რაუნდი იქნება.

ჰილარი კლინტონმა ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ლიბიის საელჩოში არსებულ უსაფრთხოების დეფიციტზე სრულ პასუხისმგებლობას კისრულობს.

პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. პასუხს სახელმწიფო დეპარტამენტის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომსახურე 60 ათასზე მეტ თანამშრომელზე მე ვაგებ“ - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ბენღაზის ფაქტის გამო რამდენიმე მიმართულებით მიმდინარე ძიების და მაღალი რანგის ოფიციალური პირების გადადგომის მიუხედავად, კონგრესში კანონმდებლებს უამრავი კითხვა აქვთ დაგროვილი.

„რატომ არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტი მზად მოსალოდნელი თავდასხმისთვის, მითუმეტეს ზუსტად იმ დღეს, როცა შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული ფაქტი განხორციელდა“ - კითხულობს რესპუბლიკელი წარმომადგენელი ილეანა როს-ლეტინენი.

თუმცა, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საკონგრესო მოსმენებზე ყურადღება გამახვილდება არა იმდენად მომხდარი ფაქტის დეტალებზე, რამდენადაც დეპარტამენტის სამომავლო გეგმებზე. ამ აზრს ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტი, რუდი დელეონიც იზიარებს.

„ველოდებით, რომ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურების გაძლიერებული უსაფრთხოებისთვის შემუშავებულ გეგმას. კონგრესს სავარაუდოდ სურს შეგვახსენოს, თუ რამდენად დელიკატურია დიპლომატთა უსაფრთხოების საკითხი და რომ ამმხრივ ყურადღების მოდუნება ყოვლად დაუშვებელია“- აღნიშნავს ექსპერტი ორგანიზაციიდან ამერიკის პროგრესის ცენტრი.

დარჩება თუ არა ბენღაზის ტრაგიკული ინციდენტი ჰილარი კლინტონის მოღვაწეობაში შავ ლაქად? ამ კითხვას ნატოს ყოფილი ელჩი, რობერტ ჰანთერი პასუხობს.

არა მგონია ამ ფაქტს მისი იმიჯი დაეზიანებინა. კლინტონმა ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკის ავტორიტეტის გაზრდის, ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების განმტკიცების საქმეში დაუჯერებლად მაღალი სტანდარტები დააწესა“ - ამბობს ის.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილ ელჩს რესპუბლიკელი კონგრესმენი დანა რორბაქერიც ეთანხმება.

ის სახელმწიფოს 20 წლის მანძილზე ღირსეულად და კარგად ემსახურა. ტალახის სროლა არც მიფიქრია, რადგან ვიცი, რომ ამ ერთი შეცდომის პარალელურად მან 20 წლის მანძილზე უამრავი სწორი ნაბიჯი გადადგა“ - აღნიშნავს რესპუბლიკელი წარმომადგენელი.

ჰილარი კლინტონის მოსმენების დასრულებისთანავე, შეერთებული შტატების სენატი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ახალ კანდიდატურას განიხილავს. პრეზიდენტმა ობამამ კლინტონის შემცვლელად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოცდილი დემოკრატი სენატორი, ჯონ კერი დაასახელა.
XS
SM
MD
LG