ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომარჩეველთა დაშინების საქმეს იძიებენ


ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (BShK) გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ერთ რაიონში მოსახლეობას ძალადობით ემუქრებიან თუ საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჯაფაროვს ხმას არ მისცემენ.

ყირგიზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ისინი ორგანიზაცია "ჯალპი იშის" მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე მოქმედებენ და კარა სუს უბანში ძალადობის მუქარის ბრალდებას იძიებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უბნის მოსახლეობასთან, ახალგაზრდა მამაკაცები კარდაკარ დადიოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ თუ 10 იანვრის არჩევნებში ჯაფაროვს ხმას არ მისცემენ, მათზე იძალადებენ.

საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ინფორმაცია უკვე გადასცეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე გენერალური პროკურორის ოფისს. კომენტარები ჯაფაროვთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ჯერ არ გაკეთებულა.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკური კრიზისის შემდეგ დაინიშნა. ოქტომბერში, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. პროტესტმა მთავრობის გადადგომა და პრეზიდენტ სურონბაი ჯეენბეკოვის გადაყენება გამოიწვია.

ჯაფაროვი ოქტომბრის არეულობის დროს გაათავისუფლეს ციხიდან. ის სასჯელს პოლიტიკური მეტოქის გატაცების გამო იხდიდა. დეპუტატებმა ჯაფაროვი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ჯეენბეკოვის გადადგომის შემდეგ ჯაფაროვმა საპრეზიდენტო უფლებამოსილებებიც საკუთარ თავზე აიღო.

ნოემბრის შუა რიცხვებში ჯაფაროვმა შეიჩერა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობა, იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონოდა. ყირგიზეთის კანონი არ აძლევს საშუალებას პრეზიდენტის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

10 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17 კანდიდატია დარეგისტრირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG