ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი ხე ერთი ჯარისკაცისთვის


სამოქალაქო პროექტი შეერთებული შტატების სამოქალაქო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის

ამერიკის ისტორიაში სამოქალაქო ომი ყველაზე სისხლიან პერიოდად ითვლება. 1861 წლიდან 1865 წლამდე ბრძოლებში 620 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს იყო ომი ჩრდილოეთის შტატების კავშირსა და სამხრეთ შტატების კონფედერაციას შორის. ომის მიზეზი შტატების უფლებები და მონობის საკითხი იყო. 150 წლის შემდეგ სამოქალაქო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის საპატივცემულოდ აღმოსავლეთით მდებარე ოთხ შტატებში ხეებს რგავენ. ყველაზე მწვავე ბრძოლები სწორედ ამ ტერიტორიაზე მიდიოდა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დებორა ბლოკი არკვევდა.
პროექტს სამოქალაქო ჯგუფი ხელმძღვანელობს. ხეებს 290 კილომეტრის სიგრძეზე დარგავენ - პენსილვანის ქალაქ გეტისბურგიდან ვირჯინიაში მდებარე თომას ჯეფერსონის სახლამდე. ჯეფერსონი შეერთებული შტატების რიგით მესამე პრეზიდენტი იყო. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ბეთ ერიკსონი ამბობს, თითოეული ხე თითოეულ სიცოცხლეს ასახავს, ერთმანეთის მიყოლებით დარგული ხეები კი მისი აზრით შთამბეჭდავი იქნება.
ხეების დარგვა ნოემბერში დაიწყო. ადგილად ვირჯინიაში მდებარე ერთ დროს პლანტაციის ტერიტორია შეარჩიეს. ანდრეა მაკგიმსი ამბობს, რომ აღნიშნული მიწის შერჩევა პროექტის დასაწყებად სკამაოდ ბუნებრივი იყო.
„ოტლენდში სამოქალაქო ომის დროინდელი რამდენიმე ხე იდგა. ისინი ამ პროექტის ნაწილად იქცევიან,“ - ამბობს მაკგიმსი.
მისი თქმით, ოტლენდში სამოქალაქო ომის დაწყებამდე 128 მონა მუშაობდა.
პლანტატორის ოჯახი კი თავის ორ ვაჟთან ერთად კონფედერატების არმიას შეუერთდა. ამ სახლში ახლა მათი შთამომავალი რიჩარდ უილიამსი ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მისი წინაპრები კონფედერატების არმიაში ცნობილი გენერლები იყვნენ. ხეების დარგვის პროექტში რიჩარდის ოჯახიც მონაწილეობს.
„ჩვენ მიწის მფლობელები ვართ და ამით გვინდა სხვა მიწათმფლობელებიც წავახალისოთ,“ - ამბობს უილიამსი.
პროექტის ღირებულება 65 მილიონი დოლარია და ის კერძო შემოწირულობებით ფინანსდება. ერთი ხის დასარგავად შემომწირველს შეუძლია 100 დოლარი გაიღოს. პროექტის ხელმძღვანელი ბეთ ერიკსონი ამბობს, რომ ერთი ხე ერთი ჯარისკაცის სიცოცხლეს ასახავს. ხის მდებარეობა ჯიპიესის სისტემას დაემატება, რის შედეგადაც სმარტფონების მფლობელებს შეეძლებათ გაიგონ იმ ჯარისკაცის ვინაობა და ისტორია ვის სახელზეც ესა თუ ის ხე არის დარგული.
ელეანორა ადამსმა მისი წინაპრის საპატივცემულოდ ხის დარგვაში პროექტს თანხა შესწირა. მისი დიდი ბაბუა ჯოზეფ მაკგოვანი 23 წლის ყოფილა, როდესაც კონფედერატების არმიას შეუერთდა. ის ალაბამას შტატიდან იყო და სამოქალაქო ომში ძმებთან ერთად იბრძოდა. ადამსს იმედი აქვს, რომ ამ ქველმოქმედებაში მისი ნათესავებიც ჩაერთვებიან.
XS
SM
MD
LG