ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ვინსტონ ჩერჩილის ქანდაკება დადგეს


მეტრ ნახევარი სიგრძის სპილენძის ბიუსტი კონგრესს, ჩიკაგოში არსებულმა ჩერჩილის ცენტრმა გადასცა სამახსოვროდ

აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვინსტონ ჩერჩილის საპატივცემულოდ ქანდაკება დადგეს.

ქანდაკების გახსნის ცერემონიალს ჯგუფ „The Who”-ს სოლისტი როჯერ დალტრი ესწრებოდა, რომელმაც შეასრულა ბენ კინგის სიმღერა „Stand by me”. სიმღერა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეირჩა. ეს იყო ამერიკასა და ბრიტანეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი დასტური.

დედაქალაქში გამართულ ცერემონიალს სენატის და წარმომადგენელთა პალატის ლიდერები ესწრებოდნენ. პოლიტიკოსებმა პატივი მიაგეს ვინსტონ ჩერჩილს და მას აშშ-ის საპატიო მოქლაქის წოდება მიანიჭეს, ამასთან ჩერჩილის სახელზე ისტორიაში პირველად გაიცა აშშ-ის საპატიო პასპორტი. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ტრიბუნაზე რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის მაღალი ეშელონების წარმომადგენლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. სიტყვით მიმართვის დროს აღინიშნა ჩერჩილის ამერიკული ფესვები, გაიხსენეს მისი ამერიკელი დედა და წინაპრები, რომლებიც რევოლუციური ომის დროს ამერიკის სახელმწიფოებრიობისთვის იბრძოდნენ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბეინერმა სიტყვის წარმოთქმამდე დამსწრეებს კიდევ ერთხელ მოასმენინა ჩერჩილის აუდიო ჩანაწერი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის 1941 წელს წარმოთქმული სიტყვა:

„ ვინსტრონ სპენსერ ჩერჩილი ამერიკის საუკეთესო მეგობარი იყო“ დასძინა ჯონ ბეინერმა.

„დემოკრატიის ტიტანი“, ასეთი ეპითეტით შეამკო წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნენსი პელოსიმ:

„გიგანტი, რომლის სიმამაცე არის მაგალითი თაობებისთვის. ჩერჩილი კაცობრიობის ისტორიაში ტირანიისგან მხსნელის სახელით შევა. ამერიკაში კი მისი ხსოვნა უკვდავყოფილი იქნება.დღევანდელი დღიდან ამერიკის დედაქალაქში მან განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.“

ვინსტონ ჩერჩილის სპილენძის ქანდაკება კონგრესისი შენობის ქანდაკებათა დარბაზში განთავსდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ჩერჩილი ყოველთვის დარჩება შთაგონების წყაროდ, როგორც კაპიტოლიუმის შენობაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენეტზე:

„ხანდახან შესაძლოა ჩვენ გვყოფდეს ოკეანე, ან პოლიტიკური შეხედულება და იდეოლოგია, მაგრამ ეს ბიუსტი უნდა გახდეს იმის შემახსენებელი, რომ უფსკრულის შესავსებად ხიდების შენება აუცილებელია. დემოკრატიამ უნდა იზეიმოს.“

მეტრ ნახევარი სიგრძის სპილენძის ბიუსტი კონგრესს, ჩიკაგოში არსებულმა ჩერჩილის ცენტრმა გადასცა სახსოვრად. ერთი შეხედვით სერ ვისტონი თითქოს მოღუშულია, თუმცა კარგად დაკვირვებისას ჩანს, რომ ის ღრმადაა ჩაფიქრებული. ცერემონია ძალიან თბილ ატმოსფეროში ჩატარდა, ხოლო როჯერ დოლტრის სიმღერის დროს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერისა და სპიკერის, ჯონ ბეინერის რიტმზე აყოლამ დამსწრეებში ღიმილი გამოიწვია.
XS
SM
MD
LG