ჩინეთი შეერთებულ შტატებთან რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე ორმხრივი დიალოგის გააქტიურების იმედს გამოთქვამს. მოლაპარაკების წარმოების მიზნით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დღეს პეკინში ჩავიდნენ. განხილვების ერთ-ერთი თემა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კრიზისიც იქნება.
ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯეიმს სტეინბერგი ხელმძღვანელობს. სტეინბერგი პეკინიდან ხვალ დაბრუნდება ვაშინგტონში.
რეგიონში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს სამხრეთ კორეის სამხედრო გემზე. ამერიკის ყოფილმა ელჩმა გაეროში ბილ რიჩარდსონმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ჩემი გზავნილი მათთან ის არის, რომ უნდა შეწყდეს აგრესიული მოქმედებები. ჩრდილოეთ კორეამ 2005 წელს მიღწეული ხელშეკრულების პირობები უნდა დაიცვას, რომელის თანახმადაც მან ბირთვული იარაღის განადგურება უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, ფხენიანმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული მოქმედებები სამხრეთ კორეის მიმართ,“ აცხადებს ბატონი რიჩარდსონი.