ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ფართო მასშტაბიანი საზღვაო წვრთნები


შეერთებული შტატები, როგორც წყნარი ოკეანის სახელმწიფო, დაინტერესებულია ჩინეთთან თანამშრომლობით რეგიონალურ საკითხებში

ჩინეთმა ფართო მასშტაბიანი საზღვაო წვრთნები ჩაატარა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის აზიური პოლიტიკისადმი პასუხად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ თეთრი სახლის ახალი სტრატეგია კონფრონტაციის ნაცვლად რეგიონში სტაბილობის დამყარებას ისახავს მიზნად.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის დევიდ ჰელვეის განცხადებით:“ ბალანსის შეცვლა ჩინეთთან საქმიანი და დადებითი ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს. ეს არ არის ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა.“
ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ვაშინგტონი ვალდებულია საკუთარი მოკავშიეების უშიშროება უზრუნველყოს. როგორც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯანინ დევიდსონი აცხადებს:“ კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი დაძაბულობის ფონზე რეგიონის ქვეყნებს უსაფრთხოების გარანტიები ჭირდებათ, რათა გამალებულმა შეიარაღებამ დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს.“
რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ობამას ადმინისტრაციას არ შეუძლია ამ საფრთხეებთან გამკალავება:“ ჩვენი მოკავშირეები რეგიონში ვაშინგტონის რიტორიკის იმედად ვერ დარჩებიან, მათ უსაფრთხოების საქმით დამტკიცება სურთ.“
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ ნავთობის მარაგსა და თევზჭერის წარმოებაზე პეკინი განსაკუთრებულ უფლებებს აცხადებს. როგორც შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივნის თანაშემწე ჯოზეფ იუნი ამბობს:“ ამ საკითხზე რეზოლუციები არ არსებობს. ამიტომ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს ამ რესურსების გამოყენება და ათვისება.“
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის და ჩინეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ლი კექიანის შეხვედრაზე, ჩინეთის ლიდერმა ასე განაცხადა:’’ ჩვენ საერთო ინტერესები გვაკავშირებს და როგორც დიდი სახელმწიფოები ვალდებულნი ვართ რეგიონში სტაბილური სიტუაცია შევინარჩუნოთ.“
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის მაიკლ გრინის თქმით, ჩინეთის გაძლიერების გამო ამერიკის მოკავშირეები უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ:“ მათ უმრავლესობას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს ვიდრე ვაშინგტონთან. მიუხედავად ამისა ამერიკის მთავარი მოკავშირეები იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია, პეკინს ვაშინგტონის ალტერნატივად არ განიხილავენ.“
შეერთებული შტატები, როგორც წყნარი ოკეანის სახელმწიფო, დაინტერესებულია ჩინეთთან თანამშრომლობით რეგიონალურ საკითხებში. ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის განეიტრალების გარდა, ვაშინგტონი და პეკინი გლობალურ პრობლემებზეც ერთად გააგრძელებენ მუშაობას.
XS
SM
MD
LG