ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის გავლენა ჰოლივუდზე


ჩინეთი კინოინდუსტრიაში ჩრდილოეთ ამერიკის შემდეგ მეორე ყველაზე მსხვილ ბაზარს წარმოადგენს. ჰოლივუდი მას განსაკუთრებულ ანგარიშს უწევს

ფილმში „წითელი განთიადი“ პროდიუსერებმა სცენარი საგანგებოდ შეცვალეს. პირველ ეკრანიზაციაში ამერიკას ჩინეთის არმია ესხმოდა თავს, ახლა კი ბოროტების სათავე ჩრდილოეთ კორეა გახდა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჰოლივუდი ჩინეთის მეტად მგრძნობიარე ცენზურას და სამომხმარებლო ბაზარს დიდ ანგარიშს უწევს. დიდბიუჯეტიანი ფილმები ჩინეთის გავლენის ქვეშ ხშირად ექცევიან. „რკინის კაცი-3“ ნაწილობრივ ჩინეთშია გადაღებული და სცენარი ჩინეთის ოფიციალურ პირებთან შეთანხმდა.

ჩინეთმა დიდი გავლენა მოახდინა ჰოლივუდის შარშანდელ ეპიკურ ფილმებზე, აღნიშნავს პროფესორი სტენლი როზენი. ის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩინური კინოს ისტორიას ასწავლის.

შესაძლოა ჩინეთში სულაც არ იღებდე, მაგრამ ისეთი ფილმიც კი, როგორიცაა „2012“, ჩინეთის ხსენებას პოზიტიურ კონტექსტში ცდილობს. ნეგატივიზმი ელემენტარულად ფილმის ბაზარს ანადგურებს“- ამბობს პროფესორი როზენი.

ჯეიმს ბონდის ბოლო ეკრანიზაცია ჩინური აუდიტორისთვის ხელახლა დამონტაჟდა. „ღრუბლის ატლასში“ კი 40 წუთი ამოიჭრა. ჩინელებს სპეცეფექტებით გაფორმებული ფილმები მოსწონთ. შესაბამისად, პროდიუსერები, რომელთა მოგების თითქმის 50 პროცენტი ჩინეთიდან მოდის, იძულებული ხდებიან მათ ანგარიში გაუწიონ.

წარმოშობით ჩინელი ლისა ლუ ბერნარდო ბერტოლუჩის „უკანასკნელ იმპერატორში“ მთავარ როლში თამაშობდა. ფილმი ძირითადად ჩინეთში გადაიღეს. მსახიობი თვლის, რომ ჩინელი მსახიობებისთვის დღეს როლები უფრო მომრავლდა, რაც 50-იანი წლების ჰოლივუდში დიდი იშვიათობა იყო.

ადრე ჩინელებისთვის მხოლოდ მრეცხავის, მუშის ან „დრაკონის“ რესტორნის მფლობელის როლი თუ იყო“ - იხსენებს მსახიობი.

ჩინეთში მდიდარი კლასის ზრდა ქვეყანაში ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარებასაც უწყობს ხელს. შარშან რეჟისორ შუ ჟანის კომედია „ტაილანდში დაკარგული“ მოგებით ჩინეთში მეორე ადგილზე გავიდა და გაყიდვებით მხოლოდ ჯეიმს კამერონის „ავატარს“ ჩამორჩა. ჩინეთი გადაღებებისთვისაც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, იქ ყველაფერი ბევრად უფრო იაფი ჯდება.

„როგორც ევროპის ქუჩებში, მარტო იქამდე უნდა ჩახვიდე. ჩინეთში ყველაფერია, რაც ფილმის გადაღებისთვის გჭირდება“ - ამბობს მსახიობი ლისა ლუ.

ჩინური კომპანიები პროდიუსერობისთვისაც მზად არიან. ამას გარდა, კომპანიები „დისნეი“ და „დრიმვორქი“ შანხაიში ინვესტიციებს ზრდიან.

„ურთიერთობა თანდათან ღრმავდება. ჰოლივუდს და ჩინეთს ერთმანეთი სჭირდებათ. არამარტო „დრიმვორქი“ და „დისნეი“ ჩადის იქ, არამედ ჩინელი ინვესტორებიც შემოდიან ჰოლივუდში“ - აღნიშნავს პროფესორი როზენი.

ჩინურმა კომპანიამ „თი-ელ-სი“ ჰოლივუდის ბულვარზე მდებარე ისტორიული შენობა, გროუმენის ჩინური თეატრი იყიდა. ჩინურმა კონგლომერატმა „დალიან ვანდა გრუფმა“ კი ამერიკის კინოთეატრების ერთ-ერთი მთავარი ქსელი, „ეი-ემ-სი“ შეიძინა. ექსპერტების აზრით ჰოლივუდის კავშირები ჩინეთთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
XS
SM
MD
LG