ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ეგვიპტის მოვლენების გაშუქებას ერიდება


ჩინეთი ეგვიპტის მოვლენების გაშუქებას ერიდება
ჩინეთი ეგვიპტის მოვლენების გაშუქებას ერიდება

ჩინეთის მთავრობა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინტერნეტში ცენზურას მიმართავს. მაგალითად ჩინური სოციალური მედიის ვებ გვერდებზე სიტყვა „ეგვიპტეს“ შეყვანა დაიბლოკა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტეფანი ჰო პეკინიდან იუწყება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცენზურის გამოყენებაში ჩინეთის მთავრობის შეშფოთება აისახება, რომ ეგვიპტეში მიმდინარე ხალხმრავალი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები ჩინეთში არეულობას გამოიწვევს.

ჩინურ ვებ გვერდ Sina.com-ზე საძიებო ფუნქციაში სიტყვა „ეგვიპტეს“ შეყვანას მოსდევს ავტომატური გზავნილი, რომ ძიების შედეგების ჩვენება შეუძლებელია.

ხსენებული ვებ გვერდის საზოგადოებრივი ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელი მა ტაოტაო ადასტურებს, რომ ჩინურად სიტყვა „ეგვიპტეს“ შეყვანა კომპანიის სასწრაფო შეტყობინებების ვებ გვერდ Sina Weibo-ს საძიებო ფუნქციაში იბლოკება.

კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება დაბლოკვის შესახებ კომპანიას არ მიუღია და რომ კომპანია მხოლოდ „ჩინეთის შესაბამის კანონებსა და წესებს“ ასრულებს. მას არ დაუკონკრეტებია ის, თუ ჩინეთის მთავრობის რომელ სტრუქტურას დაეკისრა ამგვარი ზომების მიღება ან რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვა.

ჩინეთის მთავრობა უკვე ისედაც ზღუდავს ისეთ სოციალურ ქსელებზე გასვლას როგორიც არის Twitter-ი და Facebook-ი, რომელიც შეერთებულ შტატებში მდებარეობს. მაგრამ მილიონობით ჩინელი ჩინურ მიკრობლოგურ ვებ გვერდებს სასწრაფო შეტყობინებებისთვის იყენებს.

ჯერემი გოლდკორნი ჩინური მედია ვებ გვერდ Danwei.org-ის დამაარსებელია, რომელიც ჩინურ მედიასა და ინტერნეტში უახლესი ცვლილებების მონიტორინგს ახორციელებს.

„ჯერ-ჯერობით მე არ მინახავს, რომ ჩინეთის საინფორმაციო კონტროლის რომელიმე სამთავრობო დაწესებულებას ამასთან დაკავშირებით რაიმე განკარგულება გაეცა, მაგრამ ვფიქრობ საინფორმაციო ორგანიზაციებს და ვებ გვერდებს უკვე მიაწოდეს გარკვეული მითითებები რათა მათ ეგვიპტესა და ტუნისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ ოფიციალური სინხუას სააგენტოს მასალები გამოიყენონ და რომ მათ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ინტერნეტზე დისკუსიები შეზღუდონ,“ აღნიშნა ჯერემი გოლდკორნმა.

ინტერნეტის ფართო გავრცელება ჩინეთში შედარებით ახალ განვითარებას წარმოადგენს, მაგრამ გოლდკორნი აღნიშნავს, რომ მთავრობა ინფორმაციას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ზღუდავს.

„მსგავსი ცენზურის დაწესება შეინიშნებოდა მაშინაც, როცა აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ეგრეთწოდებული ფერადი რევოლუცია მოხდა. ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი ცხადია - მთავრობას არ სურს, რომ ხალხმა გაავლოს პარალელები ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებსა და იმას შორის, რაც შეიძლება ჩინეთში მოხდეს,“ აღნიშნა გოლდკორნმა.

რენმინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ში ინჰონგი ამ მოსაზრებას ეთანხმება.

„ჩინეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს,“ აღნიშნავს ში ინჰონგი.

მკვლევარს მიაჩნია, რომ მას შემდეგ რაც 1989 წელს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ჩატარების მოთხოვნით ხალხი ქუჩებში გამოვიდა, ჩინეთის მთავრობაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა შეშფოთებას იწვევს. ში ინჰონგის თქმით, ჩინეთის დღევანდელ პოლიტიკურ კულტურაში ეს შიში კვლავინდებურად შეინიშნება.

„ამგვარი პოლიტიკური კულტურა ჩინეთში კიდევ დიდ ხანს გასტანს. როცა ლაპარაკია ჩინეთზე, ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ მთავრობას სოციალური სტაბილურობის საკითხი ძალიან აღელვებს,“ აღნიშნა ში ინჰონგმა.

ეგვიპტეს მთავრობამ ინტერნეტში შეზღუდვები შემოიღო იმის გამო, რომ დემონსტრანტები სოციალურ მედიას საპროტესტო საქმიანობის ორგანიზების მიზნით იყენებდნენ. ნიშანდობლივია, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მასობრივი სახალხო მღელვარების შემდეგ მსგავს ზომებს ჩინეთი და ირანი მიმართავდნენ.

XS
SM
MD
LG