ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩარლზ დიკენსის 200 წლის იუბილე


ჩარლზ დიკენსის 200 წლის იუბილე

პატარა ქალაქი პორტსმუტი ლონდონიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. პორტსმუტი ამაყობს თავისი წარსული ისტორიული ტრადიციებით. ის ბრიტანული სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაარსების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება. ისტორიული საპორტო ქალაქის სანახავად ტურისტები ხშირად ჩამოდიან.

კულტურულ-ისტორიული ტრადიციებით მდიდარი პორტსმუტი საკმაოდ ღარიბი ქალაქია. მოსახლეობის დიდ ნაწილს სოციალური დახმარებით გააქვს თავი. ფლოტის თანამშრომელთა რიცხვი ძალზე შემცირდა და ქალაქის უკანასკნელი გემთმშენებელი საწარმო, რომელიც 1500 ადამიანს ასაქმებს, დღეს დახურვის პირასაა.

თუმცა, პორტსმუტს აქვს ერთი რამ, რასაც ის არასოდეს დაკარგავს. აქ 1812 წლის 7 თებერვალს დაიბადა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სახელგანთქმული მწერალი - ჩარლზ დიკენსი.

ქალაქის სურვილია ტურისტების მეტად მოზიდვისთვის დიკენსისადმი მიძღვნილი კიდევ რამდენიმე ახალი მუდმივმოქმედი გამოფენა მოაწყოს. ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იხსნება. უნიკალური ექსპონატისთვის სპეციალურ ოთახს აწყობენ და არემონტებენ. მასში სახელგანთქმული მწერლის რიგით მესამე რომანის „ნიკოლას ნიკლბის“ ორიგინალი, დიკენსის ხელნაწერები დაიდებს ბინას.

გვესაუბრება ქალაქ პორტსმუტის მერიის წარმომადგენელი, ლი ჰანტი:

„შევეცდებით დამატებით მილიონობით ტურისტი მოვიზიდოთ და ქალაქში ფული დავახარჯინოთ. რა თქმა უნდა ისინი ადგილობრივ მოსახლეობასაც მოხიბლავენ. ქალაქში ჯერ კიდევ არიან ბავშვები, რომელთაც წერა-კითხვა არ იციან. ამ დღესასწაულების შემდეგ იმედი გვაქვს მათაც გაუჩნდებათ სურვილი კითხვა ისწავლონ და ხელში დიკენსის რომანი აიღონ“ - ამბობს ქალაქის მესვეური.

პორტსმუტი რა თქმა უნდა დიკენსის მშობლიური ქალაქია, მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი, ბავშვობიდან ზრდასრული ასაკის ჩათვლით დიკენსმა მაინც ლონდონში გაატარა. ლონდონის ქუჩებში და სკვერებში ჯერ კიდევ ამოიცნობთ დიდი მწერლის მიერ აღწერილ ხედებს და პეიზაჟებს.

დედაქალაქის ღარიბი უბნები დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, მაგრამ არქიტექტურის ძველებური სტილი და ქალაქის ზოგადი ხასიათი მაინც შენარჩუნებულია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა წმიდა კატერინას დოკთან. მომცრო ნავსადგომი ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დიკენსის მწერლობის მოყვარულებს ხედის აღწერილობის სიზუსტით ძველებურად ხიბლავს.

წმიდა კატერინას დოკი ცნობილი ტურისტული ადგილებიდან ფეხით სავალ მანძილზეა. იქ დიკენსისდროინდელ კოსტიუმებში გამოწყობილ ტურისტთა გიდებსაც ნახავთ, რომლებიც სპეციალურად დიკენსის ტურებს ემსახურებიან. მათ შორისაა ქრისტოფერ ვესტი. ის ტურისტებს ისეთ ადგილებში ატარებს, როგორიცაა მაგალითად ტემზის მეორე ნაპირას მდებარე მარშალის ციხე. სწორედ იქ იხდიდა სასჯელს დიკენსის მამა.

ვესტი ამბობს, რომ მისი სააგენტო ტურისტების სიმცირეს არ უჩივის. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ დიკენსის ცნობილ რომანებში აღწერილი პრობლემები დღევანდელობას ჯერ კიდევ ეხმაურება:

„ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ისეთ პრობლემებზე დაიწყო საუბარი, როგორიცაა არასაკმარისი ჯანდაცვა და პოლიცია, პრობლემები სკოლებში, პარლამენტში, კანონმდებლობაში, საბანკო სისტემებში. დღესაც ხომ იგივე საკითხების მოგვარებაზე ვზრუნავთ“ - ამბობს ბატონი ვესტი.

და დასძენს, რომ ანალოგიური პრობლემები კაცობრიობის წინაშე სულ ცოტა შემდეგი 200 წლის მანძილზეც მეტ-ნაკლები სიმწვავით იდგება.

XS
SM
MD
LG