ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ურთიერთობა აღიარების გარეშე?


ურთიერთობა აღიარების გარეშე?
ურთიერთობა აღიარების გარეშე?

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები ამერიკას პოლიტიკის შეცვლას სთხოვენ. აფხაზეთში შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის დასამყარებლად, ამერიკამ სოხუმთან ურთიერთობა უნდა დაიწყოს.

კარგენეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორების ლინკოლნ მიტჩელისა და ალექსანდერ ქულის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. აგნარიში სახელწოდებით „აგვისტოს ომის შემდეგ: ა.შ.შ.-ის საქართველოსთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია“ ამერიკის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდებს. ავტორების აზრით, ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციები საქართველოში სტაბილურების დამყარების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ასიმილაციის პროცესის შეჩერებისა და საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების მიზნებს ემსახურება.

ანგარიშის პრეზენტაციაზე პროფესორმა კულიმ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე ისაურა. მან ქარტია დადებით მექანიზმად შეაფასა ორი ქვეყნის ურთიერთობაში და აღნიშნა, რომ ქარტიის წყალობით თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის პერსონალიზირებული მეთოდებით მართვის შესაძლებლობა შეიზღუდა, რაც ორივე ქვეყნისთვის დადებითი განვითარებაა. პროფესორი კულის თქმით, ქარტიასთან დაკავშირებული შემაშფოთებელი საკითხი ის არის, რომ მას საქართველოში და ამერიკაში სხვადასხვანაირად აღიქვამენ:

საქართველოში ქარტიას ამერიკის მიერ გაცემულ უსაფრთხოების გარანტიად აღიქვამენ. ქარტია სინამდვილეში ტერიტორიული უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნას ისახავს მიზნად, რითაც საქართველო ნატოს სტანდარტებს მიუახლოვდება. ქართული მხარე კი ამ საკითხს ხშირად არასწორი კუთხით წარმოადგენს,“ განაცხადა პროფესორმა ქულიმ.

აფხაზეთთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ამერიკამ ახალი მიდგომა უნდა შეიმუშავოს, რომელიც მიზნად დაისახავს „ურთიერთობას აღიარების გარეშე.“ ამ თემაზე ვაშინგონში უკვე ბევრი საუბრობს, მათ შორის პოლიტიკურ წრეებშიც. ქულის განცხადებით, ბოლო 20 წლის მანძილზე დასავლეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულ იზოლირებაში მოაქცია. შესაბამისად, დასავლეთს აფხაზეთში არანაირი ბერკეტი არ გააჩნია შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენის გასავრცელებლად. სოხუმთან ურთიერთობის დამყარება, სწორედ ამ გავლენის შემუშავებას შეუწყობს ხელს.

პროფესორმა მიტჩელმა საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში არსებული პრობლემებიც, სწორედ, დემოკრატიის ნაკლებობას დააბრალა. მისი თქმით:

დემოკრატიის სისუსტის გამო პოკლიტიკამ რუსეთაველზე გადაინაცვლა, რაც თავისთავად შიდა სტაბილურობას უშლის ხელს. საქართველოს კარგი მომავალი მხოლოდ დემოკრატიული განვითარებით შეიძლება ჰქონდეს.“

მისი თქმით, 2012-2013 წლებში დანიშნულ არჩევნებს გადამწყვეტი როლი ექნება საქართველოში დემოკრატიის დამყარების მიმართულებით. მაგრამ არც ის უნდა დავასკვნათ, რომ 2-3 წელში ქვეყანა ძალისხმევის გარეშე ჯადოსნურად შეიცვლება და დემოკრატიად გადაიქცევა. ამ მიმართულებით, პროფესორმა ამერიკის ხელისუფლებას ერთი რეკომენდაცია გაუწია:

„უნდა ითქვას სიმართლე. ამერიკელებმა სიტყვები არ უნდა არჩიონ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვან. საქართველო არ არის დიქტატურა, არ არის ავტოკრატია, მაგრამ ის არც დემოკრატიაა. ამერიკელები ამას ხმამაღლა იმიტომ არ აცხადებენ, რომ ამბობენ, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის საქმეა, თუმცა ამ დუმილს საქართველოს მთავრობა სხვაგვარად იგებს. კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტორი ის არის, რომ ამერიკის დუმილს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს თანხმობად აღიქვამენ.

ბატონმა მიტჩელმა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მიწოდებაზეც ისაუბრა. მაგრამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მიერ დახმარების სახით მიცემული თანხა შვერიცარიის საბანკო ანგარიშებზე არ მიდის და ქვეყანაში რაღაცა მაინც კეთდება, ფულადი დახმარება სინამდვილეში საქართველოს გრძელვადიან წარმატებაში ხელს უშლის: „დახმარება საქართველოს ამერიკაზე დამოკიდებულებას ზრდის. შეერთებულმა შტატებმა ის უნდა გაარკვიოს საჭიროა თუ არა ამ სახის დახმარების მიმდინარე მასშტაბებით გაგრძელება?“

თუ დახმარება მართლაც შემცირდა, მაშინ ჩნდება შეკითხვა, თუ საიდან უნდა შეავსოს საქართველოს მთავრობამ ეს განსხვავება.

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც ბატონმა მიტჩელმა ყურადღება გაამახვილა, იყო ის, რომ საქართველოში ბუნებრივი პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობს:

„დაშვებული შეცდომები ხელისუფლებას პოლიტიკურად ძვირი არ უჯდება. ჩვენ საქართველოს დახმარება გავუწიეთ და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა საკუთარ მიღწევად ჩათვალა ის, რასაც ქვეყანამ ამერიკული დახმარების წყალობით მიაღწია.

პრეზენტაციის დროს კიდევ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, კერძოდ კი ის, რომ აფხაზეთის თემა შიდა პოლიტიკური ვაჭრობის საკითხად გადაიქცა და პარალელურად ოპოზიციას პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის საშუალება წაერთვა. ქვეყანაში ინსტიტუციონალური პოლიტიკური სისტემის არ ქონა პოლიტიკური კრიზისის მიზეზად რჩება, რაც მთავრობას უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრაციაში ხელს უშლის.

პროფესორი ქულის თქმით, საქართველოში ერთპარტიული მმართველობაა, სადაც პარტიის წინააღმდეგ წასვლა შეიძლება ძვირად დაუჯდეს როგორც ინდივიდუალურ პირს ასევე ბიზნესსაც. ამის გამო, არ ხდება ოპოზიციის ჯანსაღი ხერხებით დაფინანსება, რაც შიდა დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს.

ამერიკისთვის კი ეს ყველაფერი საქართველოსთან ურთიერთობას გაცილებით ართულებს. თუ ერთი შეხედვით ქართველი პოლიტიკოსები კლასიკური დემოკტარტიული რეტორიკით ხიბლავენ დასავლელ პარტნიორებს, მეორეს მხრივ ქვეყანას კლასიკური ავტოკრატული მეთოდებით მართავენ. საშინაო და საგარეო პოლიტიკის ასეთი დრამატული განსხვავება კი მთლიან რეგიონში საქართველოს ყველაზე რთული და მეტად უნიკალური სახელმწიფოს სტატუსს აძლევს.

XS
SM
MD
LG