ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურატურა ადეიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს


იუსტიციის ყოფილი მინისტრის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის და 3 დიპლომატიური პასპორტის შეჩერება უნდა მოხდეს

საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს იუსტიციის ყოფილი მინისტრის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის და სამი დიპლომატიური პასპორტის შეჩერება. „დიპლომატიური პასპორტები მას აძლევს საშუალებას ისარგებლოს დიპლომატებისათვის დადგენილი უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებით და პრივილეგიებით და საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის გავლის გამარტივებული პროცედურებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადეიშვილმა საქართველო 2 ოქტომბერს დატოვა და სამი თვეა ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, საქართველოდან მოგვიანებით მისი მეუღლე და შვილებიც გაემგზავრნენ. ყოფილი იუსტიციის მინისტრის ადგილსამყოფელი უცნობია. პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმის კონკრეტული ბრალდებებით გამყარებული გარემოებების გასაჯაროება 2012 წლის დეკემბერში მოხდა. შესაბამისად, ადეიშვილისთვის ცნობილია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად ის თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას. ზურაბ ადეიშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG