ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტუმრიანობა გორში


სტუმრიანობა გორში

დღეს გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ 600 კაციანი დარბაზი სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე დასწრების მსურველებით, ჩვეულებრივი, რიგითი გორელებით გაივსო. ხალხი აქ ნინო ბურჯანაძისა და სახალხო კრების წევრების მოსასმენად მოვიდა, რომლებმაც საზოგადოებას საკუთარი მიზნები და სამოქმედო სტრატეგია გააცნეს. ქართული ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილი თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის გეგმავს, მეორე, უფრო რადიკალური ფრთა 25 ნოემბრისთვის ემზადება. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და დიალოგის გამართვა დროს მხოლოდ ფუჭად დაკარგვაა, ამიტომაც ცვლილებებს პოლიტიკაში ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე გეგმავენ. ნოემბერი ქართულ პოლიტიკურ კალენდარში კვლავ აქტუალური თვედ რჩება. სახალხო კრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დღეს ხელისუფლებას განაჩენს გამოუტანენ და ყველაფრის დათმობას აიძულებენ.

სახალხო კრების მოწვევის იდეით თავდაპირველად მწერალი, ჭაბუა ამირეჯიბი გამოვიდა, რომელსაც რამდენიმე პოლიტიკურმა მოძრაობამ დაუჭირა მხარი. სახალხო კრების მოწვევის აუცილებლობაზეც მწერლის სახლში იმსჯელეს ქართულ საზოგადოებაში ისეთმა ცნობილმა და გავლენიანმა ადამიანებმა, როგორიც ნონა გაფრინდაშვილი, გოგი ქავთარაძე, რეზო ესაძე, რობიკო სტურუა, სოსო ცისკარიშვილი, ელიზბარ ჯაველიძე და მერაბ ჯიბლაძეა.

დღევანდელ შეხვედრას, რომელიც მსახიობმა გია ბურჯანაძემ გახსნა, მინდია უგრეხელიძე, ირაკლი ბათიაშვილი, ლუკა კურტანიძე, ეკა ბესელია, გურამ ფირცხალავა, სოსო ჯაჭვლიანი და სხვები ესწრებოდნენ. პირველი გამომსვევლელი პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი იყო, რომელმაც, განაცხადა რომ ხელისუფლებას მათი მოძრაობის ეშინია. სწორედ ამის გამო არ რთავს ნებას მხარდამჭერებთან ერთად სპორტის სასახლის კარი სახალხო კრებას გაუღოს. ირაკლი ბათიაშვილმა იმ მომენტზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა, არც ერთი ტელევიზია კრების ჩატარების შესახებ ინფორმაციას ეთერით არ ავრცელებს.

სახალხო კრების პოლიტიკური ლიდერი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძეა. მისი გამოსვლა გორში მას შემდეგ გაიმართა, რაც საზოგადოებას ომის დროინდელი კადრები გაახსენეს. ვიდეო კოლაჟი გორელებისთვის საკმაოდ მძიმე სანახავი აღმოჩნდა, რადგან აქ თითქმის ყველა ის მასალა იყო თავმოყრილი, რაც ომის დროს ჟურნალისტებმა გადაიღეს. კოლაჟში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლიდან ისეთი ამონარიდებიც იყო ჩართული, სადაც იგი ცხინვალის აღების შესახებ საუბრობს.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება 25 ნოემბერს უბრალოდ, იძულებული იქნება სახლში წავიდეს, რადგან ხალხის ნება მას სხვა საშუალებას არ მისცემს. სახალხო კრების მოწვევის იდეის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ჭაბუა ამირეჯიბის შვილმა, ლაშა ამირეჯიბმაც ისაუბრა.

გორში გამართული შეხვედრა რიგით მეოთხეა, ბათუმის, მცხეთისა და ქუთაისის შეხვედრების შემდეგ. სახალხო კრების წარმომადგენლები 25 ნოემბრამდე მთელი საქართველოს შემოვლას აპირებენ. ამ დღეს კი თბილისში მთავარი თავყრილობაა დაგეგმილი, რომელზეც სახალხო კრების მოწვევის ინიციატორები ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG