ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთის მთავრობა გადადგა


ერთკვირიანი მასობრივი პროტესტის შემდეგ პრემიერ ბოიკო ბორისოვის მთავრობამ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ მიიღო

მიტინგები ბულგარეთში თავიდან დენის გაძვირების გამო დაიწყო. ბულგარელები უკმაყოფილებას უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფციის და ცხოვრების სტანდარტის გაუარესების გამოც გამოთქვამდნენ.

7-მილიონიან ბალკანეთის ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის უღარიბეს წევრად ითვლება, საპროტესტო აქციებზე ათი ათასზე მეტმა ბულგარელმა მოიყარა თავი. ელექტროენერგიის ფასი ქვეყანაში 13 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა საშუალო თვიური ხელფასი 480 დოლარს არ აღემატება. დემონტრაციაზე ისმოდა სლოგანი „ძირს მაფია“! ხალხი ელექტროენერგიის ყოველთვიურ გადასახადს საჯაროდ წვავდა.

გამოსვლებმა ქვეყნის დედაქალაქ სოფიაში ძალადობრივი ხასიათი მიიღო. სამშაბათს პოლიციას და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ძალადობამ პრემიერი ბოიკო ბორისოვი შოკში ჩააგდო.

„ძალაუფლება ხალხმა მოგვცა და დღეს ჩვენ მას უკან ვუბრუნებთ“ - განაცხადა პრემიერმა ოთხშაბათს დილით ბულგარეთის პარლამენტში გამოსვლისას, ძალადობის ფაქტის შეტყობიდან მეორე დღესვე.
პრემიერის თქმით, მისი მემარჯვენე პარტია ხელისუფლებაში ხალხის ნებით მოვიდა. და თუ ხალხი მიტინგზე მასობრივად გავიდა და მის გადადგომას მოითხოვს, მთავრობა ვალდებულია მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. სახელმწიფოს, როგორც ჩანს ახალი ლიდერები სჭირდება, ისეთი, რომელსაც ხალხის ნდობა ექნება - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ბოიკო ბორისოვმა კარიერა ბულგარეთის ყოფილი კომუნისტი ლიდერის, ტოდორ ჟივკოვის დაცვის წევრობით დაიწყო. ვიდრე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან ხალხის დასაწყნარებლად განაცხადა, რომ ჩეხეთის მომსახურების კომპანიას „სი-ი-ზის“, რომელიც ბულგარეთს ელექტროენერგიას აწვდის, ლიცენზიას ჩამოართმევს. თუმცა საპროტესტო აქცია არც ამის შემდეგ შეწყვეტილა.

პრემიერმა დაგმო სოფიის ქუჩებში მომხდარი ძალადობა: „სისხლის თითოეული წვეთი ჩვენს ლაქად დარჩება... ვერ შევეგუები პარლამენტის წინ ბარიკადებს. ეს არ იყო ჩვენი მიზანი და არც მიდგომა, თუკი ჩვენ საკუთარი ხალხისგან თავის დაცვა მოგვიწევს“ - აღნიშნა მან საპარლამენტო გამოსვლაში.

ჩეხურ ელექტრომომარაგების კომპანიასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა შეიქმნა. ჯარიმები დაწესდა მეორე ჩეხურ კომპანიაზეც, რომელიც ელექტროენერგიას ავსტრიასაც აწვდის. ბულგარეთში დენის გაძვირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას ევროკომისიაც გამოთქვამს. ევროკომისიის აღმასრულებელი ხელისუფლების სპიკერი მარლინ ჰოლზნერი ამბობს, რომ ფასების რეგულირება შედარებით მგრძნობიარე მომხმარებლისთვის ევროკავშირში გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

როცა ბაზარი მუშაობს, მაშინ შესაძლებელი ვარიანტებიდან საუკეთესო ფასი უნდა აარჩიო. ბულგარეთში რეგულირებადი ფასებია, რომელთაც დიდი და პატარა საწარმოებისთვის შეიმუშავებენ. ევროკომისიის პოზიცია ასეთია: საბაზრო ფასები გვირჩევნია, მაგრამ ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე ნაწილს შეღავათები დაუწესო და რეგულირებული ფასები შესთავაზო“ - აღნიშნავს ევროკომისიის სპიკერი.

ბულგარეთში საპროტესტო აქცია პრემიერის გადადგომის შემდეგაც გაგრძელდა. ანალოგიურმა საპროტესტო ტალღამ უახლოეს წარსულში არაერთი ევროკავშირის ქვეყანა მოიცვა. მათ შორის საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთიც იყო.
XS
SM
MD
LG