ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელები ჯონსონისა და კორბინის დებატებით უკმაყოფილონი არიან


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი სამშაბათს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობდნენ. ბრიტანეთში არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. დებატების შემდგომი გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არც ერთი მათგანით არაა კმაყოფილი.

ბოლოდროინდელი გამოკითხვებით კი ჯონსონის კონსერვატრთა პარტიას 8-დან 12 %-მდე უპირატესობა აქვს შრომის პარტიასთან შედარებით, თუმცა ეს მაინც არ არის იმგვარი უპირატესობა, რომელმაც შესაძლოა პრემიერ-მინისტრისთვის საპარლამენტო უმრავლესობა უზრუნველყოს.

დებატების დროს ჯონსონმა, როგორც თვითონ უწოდა, ეროვნული უბედურების - ბრექსიტის დასრულების პირობა დადო. თქვა, რომ კონსერვატორთა მთავრობა ევროკავშირს იანვარში დატოვებს და რომ ბლოკთან სავაჭრო გარიგების მიღწევა მათთვის ადვილი იქნება.

"ჩვენ საკმარისზე მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ ფანტასტიკური სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროკავშირში, რადგან უკვე ვართ შესანიშნავ პოზიციებში, როგორც ტარიფების, ისე კვოტების საკითხში", - თქვა ჯონსონმა მანჩესტერში გამართული დებატებისას.

მისი განცხადებით, შრომის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ბრექსიტთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა და გაურკვევლობა იქნება. "ჩვენ არ ვიცით, რას აპირებს ბატონი კორბინი, ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარს თუ დარჩენას, რა არის მისი წინასაარჩევნო პოზიცია?" თუმც აკორბინი ამბობს, რომ მას უკეთესი "გაყრის შეთანხმების" მიღწევა სურს, "სამი თვე მოლაპარაკებებისთვის, ექვსი თვე რეფერენდუმისთვის და შემდეგ ეს პროცესი უნდა დავასრულოთ", - ამბობს ის.

საზოგადოება დებატების შემდეგ თითქმის ორ თანაბარ ნაწილად იყო გაყოფილი, თუმცა მათი უმეტესობა ზოგადად, უკმაყოფილო იყო. მათ დიდ ნაწილს გამარჯვებულის გამოვლენაც კი უჭირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG