ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი დახმარების პროგრამებს ამცირებს


მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების პირობებში ბრიტანელების აზრით, სწრაფად განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარება კრიტიკული აღარ არის

სამხრეთ აფრიკულ ქალაქ პრეტორიაში სამიტზე ჩასულ ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს 21 იარაღიდან ნასროლი სამხედრო სალუტით დახვდნენ. სამხრეთ აფრიკა ახლახან მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფის, „ბრიქსის“ წევრი გახდა. ჯგუფში აქამდე მხოლოდ 4 ქვეყანა -ბრაზილია, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი- იყო გაერთიანებული.

სწორედ ბოლო წლების ეკონომიკური წარმატებების გამო, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკისთვის განვითარების პროგრამათა დაფინანსების შეწყვეტას გეგმავს. მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების პირობებში ბრიტანელები ფიქრობენ, რომ ყოველწლიური 29.5-მილიონიანი საერთაშორისო დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა შინ უფრო გამოადგებათ.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სამხრეთ აფრიკის ფინანსთა მინისტრი, პრავინ გორდენი აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ნაბიჯი სამწუხარო და სიტუაციისთვის საკმაოდ შეუფერებელია.

სამხრეთ აფრიკა ორი საზოგადოების ერთობაა. არსებობს ქვეყნის განვითარებული ნაწილი, რომელსაც არავის დახმარება სჭირდება. მაგრამ არსებობს მეორე ნაწილი, რომლისთვისაც დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მუშაობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. არ გვჭირდება 29 მილიონი წელიწადში, ფისკალურად ამას ჩვენ თავს გავართმევთ“ - აცხადებს მინისტრი და დასძენს, რომ საქმე არა იმდენად ფინანსურ, არამედ ექსპერტიზით დახმარებას ეხება.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „ექშნეიდის“ სამხრეთ აფრიკული ფილიალის სპიკერი, მელანი ვარდიც იგივე აზრს იზიარებს.

„ამ სიტუაციაში სწორედ იმიტომ აღმოვჩნდით, რომ განვითარების პროგრამები მუშაობს და ქვეყანა მართლაც ვითარდება. როგორც სახელმწიფო, სამხრეთ აფრიკა გამდიდრდა, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. ქვეყნის მეოთხედს დღეში 2 დოლარით უწევს არსებობა“ - აღნიშნავს ის.

გასულ წელს დიდმა ბრიტანეთმა ანალოგიური განცხადება ინდოეთთან დაკავშირებითაც გააკეთა. მთავრობა 2015 წლამდე ინდოეთისთვის გაწეული დახმარების სრულად შეწყვეტას გეგმავს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი ინდოეთში მოსახლეობის 30 პროცენტის, დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანის საარსებო მინიმუმი დღეში მხოლოდ ერთი დოლარია.

ეკონომისტ ფრედრიკ ერიქსონის თქმით, რომელიც ბრიუსელში საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპულ ცენტრს ხელმძღვანელობს, სიღარიბის მონაცემები ინდოეთში ან სამხრეთ აფრიკაში არ ნიშნავს იმას, რომ მათ დახმარება გამუდმებით მიეწოდოს.

„ფაქტია, რომ უცხოური დახმარება ხშირ შემთხვევაში ამ ქვეყნებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მათ ცუდი ეკონომიკური რეგულაციები, უვარგისი ეკონომიკური ინსტიტუტები და ცუდი რეჟიმი შეინარჩუნონ. ხშირად ამ ქვეყნების მთავრობები უკმაყოფილოც კი არიან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მათ სახელმწიფოში უზარმაზარ თანხებს ისე განკარგავენ, რომ მთავრობას არაფერი რჩება“ - აღნიშნავს ეკონომისტი.

დიდ ბრიტანეთში დებატები საერთაშორისო დახმარების პროგრამების შემცირებაზე ისევ გრძელდება. მათი ნაწილი მუშაობას აგრძელებს. თუმცა, მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების პირობებში არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო დახმარების პროგრამების შეკვეცა გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG