ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ბიპის ოპტიმიზმს არ იზიარებს


ბრითიშ პეტროლიუმი იმედოვნებს, რომ სათადარიგო ჭაბურღილს ივლისის ბოლომდე დაასრულებს, ამერიკის მთარობა კი ამ გათვლას სკეპტიკურად აფასებს.

ბრითიშ პეტროლიუმის ოფიციალური პირების განცხადებით, სათადარიგო ჭაბურღილზე მუშაობა, რომელმაც დაზიანებული მილიდან ნავთობის გაჟონვა უნდა შეაჩეროს, შესაძლოა ერთი კვირით ვადაზე ადრე დასრულდეს. ექსპერტების ნაწილი სამუშაოების დასრულებას თვის ბოლომდე ვარაუდობს. მაგრამ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელი მექსიკის ყურეში ამბობს, რომ ჭაბურღილის ვადამდე ადრე დასრულება იდეალურ შემთხვევაში მოხდება და მას ოპერაციის თითოეულ ნაბიჯზე ამინდის საუკეთესო პირობები დასჭირდება.

უკვე ორ-თვე-ნახევარი გავიდა ბრითიშ პეტროლიუმის წყალქვეშა ჭაბურღილის აფეთქების შემდეგ. აფეთქების დღიდან ძალისხმევა ხმელეთზე, წყალსა და ჰაერში არ წყდება იმისთის, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები შემსუბუქდეს.

ლუიზიანას სანაპიროებზე მყოფი ტურისტების თქმით, მათ მსგავსი არაფერი უნახავთ: „სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან ნავთობია. ეს ყველაფერი გულს მიკლავს.“

მეორე ტურისტის თქმით: „არ შეიძლება გული არ გეტკიოს. ქარიშხალი კატრინას გამო აქაურობა ჯერ ისევ ნანგრევებშია. მაშინ ქარიშხალმა ამ ხალხზე ყველაზე მტკივნეულად გადაიარა და ახლა კი ეს...“

ბიპის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, სათადარიგო ჭაბურღილი შეიძლება 27 ივლისამდე დასრულდეს. უბედური შემთხვევების ეროვნული ცენტრის მეთაური ადმირალი ტედ ალენი უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს განცხადეების გაკეთებისას:

„შეიძლება სამუშაოები მართლაც ვადაზე ადრე დასრულდეს და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. მაგრამ ამერიკის მთავრობის მიერ გაკეთებული გათვლებით, ჭაბურღილის გათხრა აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.“

ამერიკის მთავრობა უფრო ფრთხილ გათვლებს იმის გამო აკთებს, რომ ჭაბურღილის დროზე ადრე დასრულებას ამინდის იდეალური პირობები დასჭირდება. ეს კი საკმაოდ რთული გასათვლელია, რადგანაც ატლანტიკის ოკეანეში ქარიშხლების სეზონი 1 ივნისს დაიწყო.

ამ ფონზე, ობამას ადმინისტრაციას კიდევ ერთი სირთულე შეხვდა. ხუთშაბათს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ამერიკის სანაპიროებთან ნავთობის მოპოვებაზე დაწესებული აკრძალვა არ მოხსნა.

ლუიზიანას გუბერნატორი ბობი ჯინდალის განცხადებით, ნავთობის მოპოვებაზე ექვსთვიანი აკრძალვა ლუიზიანაში სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს:

„მე მინდა სასამართლოსა და საზოგაოების ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რა უარყოფითი გავლენა ექნება ამ აკრძლვას ლუიზიანას შტატზე.“

პარასკევს ამერიკის მთავრობამ ბრითიშ პეტროლიუმს 24-სათიანი ვადა მისცა დეტალური გეგმის წარმოსადგენად, რომლის მიხედვითაც დაზიანებულ მილზე სარქველის გამოცვლა უნდა მოხდეს. სარქველი, რომელიც ახლაა მილზე დამონტაჟებული, დიდი რაოდენობით ნავთობს აპარებს. ახალი სარქველი ნავთობის გაჟონვას შეამცირებს, მაგრამ სარქველების გაცვლის პროცესში გაჟონილი ნავთობის რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს.

ბრიტიშ პეტროლიუმის განცხადებით, ახალი სარქველის დამონტაჟება და წყლის ზედაპირზე მესამე გემის დამატება, რომელიც გაჟონილი ნავთობის წყლიდან ამოღებაზე იმუშავებს, ოკეანეში ჩაღვრილი 60 ათასი ბარელი ნავთობიდან დღეში დაახლოებით 50 ათასის მოგროვებას შეძლებს.

XS
SM
MD
LG