ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუალედური არჩევნების გაკვეთილები 2020 წლისთვის


ამერიკის ზოგიერთ შტატში ბიულეტენების ნაწილის დათვლა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, როცა ანალიტიკოსებმა მომავალ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყეს მსჯელობა. წარმომადგენელთა პალატაში გამარჯვების შემდეგ დემოკრატებს გაცილებით მეტის იმედი მიეცათ. განსაკუთრებული წარმატება მათთვის შუადასავლეთის ჩრდილოეთში მდებარე შტატებში - ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში მიღწეული გამარჯვება იყო. რესპუბლიკელები კი თავიანთი სენატორების გამარჯვებას ზეიმობენ ისეთ შტატებში, როგორებიცაა ინდიანა, მისური და ფლორიდა. მაშინ, როცა ორივე პარტია იმას ითვლის, რამდენად წაიწია წინ, არსებობს სხვა საყურადღებო ფაქტორებიც.

არჩევნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა სცადა ეჩვენებინა, რომ რესპუბლიკელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატებმა რვა წლის შემდეგ დაიბრუნეს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუკი დემოკრატები თანახმა იქნებიან, მათ ორპარტიული თანხმობით ბევრი მნიშვნელოვანი კანონის მიღება შეუძლიათ.

რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ რაკი მათმა სენატორობის კანდიდატებმა შეძლეს იმ შტატებში გამარჯვება, სადაც პრეზიდენტი ტრამპი აქტიურ კამპანიას ატარებდა (მისური, ინდიანა) და თავადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ორი წლის წინ, ეს შესაძლოა 2020 წლისთვისაც კარგის მომასწავებელი იყოს.

დემოკრატები კი თავის ძლიერ მხარეებზე მიუთითებენ და საკუთარი წარმატების არეალს ნიშნავენ. „რესპუბლიკელებმა წააგეს ქალ ამომრჩევლებში, უმცირესობებსა და გარეუბნებში მცხოვრებ მოსახლეობაში. თანაც ისეთი განსხვავებით, რომ ეს 2020 წლისთვის ყველა რესპუბლიკელ კანდიდატს და პრეზიდენტ ტრამპსაც უნდა აწუხებდეს“, - ამბობს სენატის დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი.

ანალიტიკოსები არჩევნების შემდეგაც ამბობენ იმას, რასაც მანამდეც ვარაუდობდნენ - შუალედური არჩევნების მთავარი ფიგურა პრეზიდენტი ტრამპი იყო. ორივე პარტიის ამომრჩევლისთვის გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი სწორედ პრეზიდენტი აღმოჩნდა.

ჯონ ფორტიერი, „ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ე.წ. „წითელ შტატებში“, რომლებიც ძირითადად ისედაც რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ასევე სასოფლო ტიპის დასახლებებსა და პატარა ქალაქებში. „მაგრამ დემოკრატებმა ნამდვილად მიაღწიეს გამარჯვებას გარეუბნებიდან მიღებული ხმებით, სადაც თეთრკანიანი, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები მტკიცედ დაუპირისპირდნენ პრეზიდენტს და ხმაც შესაბამისად მისცეს“.

„ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, საზოგადოებრივი აზრის ექსპერტი კარლინ ბოუმანი აღნიშნავს, რომ ეგზიტპოლების თანახმად, დამოუკიდებელი ამომრჩევლების დაახლოებით 52 % მხარს დემოკრატ კონგრესმენებს უჭერდა. გასულ შუალედურ არჩევნებში 2010 და 2014 წლებში, ამგვარმა დამოუკიდებელმა, არაპარტიულმა ამომრჩეველმა მხარი მეტწილად რესპუბლიკელებს დაუჭირა.

ანალიტიკოსების აზრით, ახლა დემოკრატებისთვის მთავარი გამოწვევა ბალანსის პოვნა იქნება: როგორ მოახერხონ ის, რომ ერთი მხრივ იმუშაონ პრეზიდენტთან ზოგიერთ საკითხზე და მეორე მხრივ, მისი ადმინისტრაციის საქმიანობა გამოიძიონ. ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი ლარი საბატო ამბობს, რომ ეს რთული იქნება. „დემოკრატებს დამაჯერებელი განსხვავება აქვთ მოპოვებული, მაგრამ ეს არ შეედრება იმას, რა გამარჯვებაც რესპუბლიკელებმა 2010 მოიპოვეს", - უთხრა საბატომ "ასოშეიტედ პრესს".

დემოკრატებმა ასევე მოიგეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიცია ამერიკის შუადასავლეთის შტატების გუბერნატორობისთვის ბრძოლაში. მათ შორის პენსილვანია, მიციგანი, ვისკონსინი, მინესოტა. ამ გამარჯვებამ შეიძლება 2020 წელსაც იქონიოს გავლენა.

"დემოკრატებმა გაიმარჯვეს იმ შტატებში, სადაც 2016 წელს დონალდ ტრამპმა", - ამბობს ჯიმ კესლერი, საჯარო პოლიტიკის ჯგუფის "მესამე გზის" წარმომადგენელი. "მიჩიგანში, ვისკონსინსა და პენსილვანიაში დემოკრატების გუბერნატორობის კანდიდატები ისეტი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ცალსახად ლიბერალ ან კონსერვატორ დემოკრატებას არ მიიჩნევენ თავს, არამედ მათ შორის, შუაში მდგომ პოზიციებზე არიან. მათ ყველა ეს შტატი მოიგეს და ასევე მოიგეს ყველა ტრადიციულად ლურჯი შტატი, ლურჯი კედელი, რომელიც 2016 წელს ჩამოინგრა, მათ წელს თავიდან ააშენეს", - ამბობს კესლერი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG