ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსანდრ ლებედევი ბრალს არ აღიარებს


რუს მილიარდერს, ოპოზიციური გამოცემის "ნოვაია გაზეტას" თანამფლობელს ალექსანდრ ლებედევს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

რუსი მილიარდერი ალექსანდ ლებედევი თავს დამნაშავედ არ ცნობს წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური სიძულვილით განპირობებულ ხულიგნობას გულისხმობს. მისი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის სამიზნე იმის გამო გახდა, რომ პუტინის აზრით, ის ოპოზიციას აფინანსებს.

რუსეთის წამყვანი ოპოზიციური გამოცემის „ნოვაია გაზეტას“ თანამფლობელი ალექსანდრ ლებედევი ორშაბათს მოსკოვში სასამართლო პროცესზე გამოცხადდა. მას ბრალი 2011 წელს რუსულ სატელევიზიო თოქ-შოუში რუსი ბიზნესმენის და უძრავი ქონების დეველოპერის სერგეი პოლონსკის ცემისთვის წაუყენეს. ოფიციალურად საქმე პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგნობის ფაქტზეა აღძრული. ლებედევი ბრალს არ აღიარებს.

ალექსანდრ ლებედევი: თავს დამნაშავედ არ ვცნობ და არ მესმის რატომ წამიყენეს ბრალი. მე არ ვყოფილვარ პოლიტიკური სიძულვილით გამსჭვალული და არც მიხულიგნია, რადგან მოპასუხე მხარეს საერთოდ არ ვიცნობდი.

თავად პოლონსკი სასამართლო პროცესს იმ მიზეზით ვერ დაესწრო, რომ კამბოჯაში, სისხლის სამართლის სხვა საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდა.

ლებედევი და პოლონსკი 2011 წელს ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სტუმრად იყვნენ მიწვეულნი, როდესაც ლებედევმა პოლონსკის ირონია აღარ მოითმინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ლებედევი თვლის რომ აღნიშნული ბრალდება, რომელიც შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ოპოზიციის დაფინანსებისთვის წაუყენეს. თუმცა ის ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ხულიგნობა - ეს ტერმინი რუსეთში მაშინ გამოიყენება, როცა პიროვნება კრემლისთვის მიუღებელ ქმედებას ჩაიდენს ან ჩადენილი ქმედება კანონმდებლობით განმარტებული არ არის.

ლებედევი არის ერთ-ერთი, ვის მიმართაც საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. მანამდე იყო პანკ-ჯგუფი „ფუსი რაიოთი“, რომლის ყველა წევრი რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნური დანაშაულისთვის გაასამართლეს. მათ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ჯგუფის ორ წევრს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე 2012 წელს დაბრუნდა, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილო ნაწილმა საპროტესტო აქციებით უპასუხა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მასობრივი გაყალბების და საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრის მიუხედავად, სწორედ მათ მოიგეს 2011 წლის საპარლამენტო არჩევნები. საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები აცხადებენ რომ პუტინი პოლიტიკურ სისტემას სრულად აკონტროლებს და სახელმწიფოს კორუფციული მეთოდებით მართავს. თუმცა, კრემლი ყველა ბრალდებას უარყოფს.

დემონსტრაციების დაწყებისთანავე კრემლი განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას შეუდგა. ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო, 150-ჯერ გაიზარდა არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობის ჯარიმა. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინასებას უცხოეთიდან ღებულობენ, აიძულებენ რომ დარეგისტრირდნენ როგორც უცხოეთის აგენტები, ხოლო ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო, რომელიც უკვე 20 წელია რუსეთში მოღვაწეობდა უბრალოდ აიძულეს, რომ საქმიანობა შეეწყვიტა.

თუმცა კრემლი გამუდმებით ამტკიცებდა რომ, ოპოზიციურ აზრს კი არ ახშობს, არამედ უბრალოდ კანონს იცავს და რუსეთში უსაფრთხოების დაცვას ცდილობს.
XS
SM
MD
LG