ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა სპეციალისტებმა ჟურნალისტიკის გამოწვევებზე იმსჯელეს


„მსოფლიოში საინფორმაციო ომი მიმდინარეობს“ განაცხადა მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს (BBG) აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლენსინგმა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე.

BBG-ისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიისა და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე საერთაშორისო ჟურნალისტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან გამკლავებისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობის აღდგენის აუცილებლობასა თუ გზებზე ისაუბრეს.

ლენსინგმა ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ არსებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხი მართლაც ფხიზლად უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მიმართ. მისი თქმით, აუცილებელია მკითხველმა/მაყურებელმა/მსმენელმა თავისი წვლილი შეიტანოს ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის განვითარებაში და ამგვარი ინფორმაციის შექმნა-გავრცელებაში, რადგან თუ ასე არ მოხდა „წარმოდგენისაც მეშინია, როგორი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს.“

საჯარო დიპლომატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნისმოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბრიუს ვარტონი, რომელიც ამავე ბორდის წევრია, ამბობს, რომ „მედია გარემო მთელ მსოფლიოში უარესდება“. მაგრამ „მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველანი აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ პრესის თავისუფლება.“

დღეს ყველანი აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ პრესის თავისუფლება.
ბრიუს ვორტონი

​ამერიკის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს - NPR-ის ახალი ამბებისა და სარედაქციო პოლიტიკის დირექტორი მაიკლ ორესკესი ამბობს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და მისი რაოდენობის, მასშტაბის ზრდა ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ საფუძვლებს არყევს, და საერთოდ, ეჭვქვეშ აყენებს „რწმენას, რომ არსებობს ფაქტები.“ მისი თქმით, ჟურნალისტებმა იციან რა არის ფაქტი და იციან, როგორ გამოიკვლიონ ინფორმაციის ნამდვილი წყაროები, გაიგონ საიდან და რა მიზნით მოდის ესა თუ ის ინფორმაცია.

მისი თქმით, „საინფორმაციო ომმა ჟურნალისტები მეომრების როლში არ უნდა გადაიყვანოს“ და მათ სჭირდებათ, რომ თავიდან დაამტკიცონ საკუთარი სანდოობა და თავიანთ მკითხველთან თუ მაყურებელთანაც ურთიერთობა თავიდან დაამყარონ.

სი-ენ-ენ-ის საერთაშორისო ამბების კორესპოდენტი ელის ლაბოტი კი ამბობს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელება აიძულებს დანარჩენ, კეთილსინდისიერ ჟურნალისტებს, რომ მთელი დრო „თავის დაცვაში დახარჯონ“, დაამტკიცონ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფაქტებს ეყრდნობა, და არა ის, რომ უბრალოდ საკუთარი საქმის კეთება განაგრძონ.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელება აიძულებს კეთილსინდისიერ ჟურნალისტებს მთელი დრო „თავის დაცვაში დახარჯონ“.
ელის ლაბოტი

ლენსინგი კი ამბობს, რომ არგუმენტი, თითქოს ამერიკა სხვა ქვეყნებიდან მართულ პროპაგანდას პროპაგანდითვე უნდა დაუპირისპირდეს, უსაფუძვლოა და ის მხოლოდ სანდოობის დაკარგვას გამოიწვევდა.

„BBG რომ ასე მოქცეულიყო, ჩვენ დავკარგავდით სანდოობას. ამის ნაცვლად კი ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას და კვლავ ვართ ანგარიშვალდებულები ჩვენი აუდიტორიის მიმართ“, - განაცხადა ლენსინგმა.

ჩვენ არ გვენდობიან, ჩვენი საქმე არ არის გამჭვირვალე.
ფრენკ სესნო

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიისა და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის დირექტორი და დისკუსიის მოდერატორი ფრენკ სენსო კი ამბობს, რომ მედიამაც მეტი ძალისხმევა უნდა დაუთმოს იმას, რომ მის მომხმარებელს აჩვენოს, როგორ აგროვებენ ეს ჟურნალისტები ინფორმაციას, რას ეფუძნება მათი ყოველდღიური მუშაობის პრინციპები. „ჩვენ არ გვენდობიან, ჩვენი საქმე არ არის გამჭვირვალე“ - განმარტავს სენსო და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ ჩვენმა მკითხველმა თუ მაყურებელმა უნდა იცოდეს, რას და როგორ ვაკეთებთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG