ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარბარა ბუში გარდაიცვალა


ბარბარა ბუში

ამერიკის 41-ე პრეზიდენტის ცოლი და 43-ე პრეზიდენტის დედა, ბარბარა ბუში სამშაბათს საღამოს 92 წლის ასაკში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მას გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ბოლო დროს, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ყოფილმა პირველმა ლედიმ მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

"ძნელი იყო პრეზიდენტის ცოლობა, ახლა კი ვხედავ, რომ ის პატარა ბიჭი, რომელიც ბავშვებით სავსე მანქანით ბავშვთა ლიგის თამაშებზე დამყავდა, ბიჭი, რომელსაც ვუყვიროდი, რომ საკუთარი ოთახი დაელაგებინა - პრეზიდენტია, ეს მართლაც გასაოცარია", - ამბობდა ბარბარა ბუში თავის ცხოვრებაზე საუბრისას.

ბარბარა ბუში გარდაიცვალა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:11 0:00

ყოფილ პირველ ლედის და პრეზიდენტის დედას ხშირად ახასიათებენ, როგორც განსაკუთრებით ერთგულსა და თავმდაბალს. ის ხშირად ამბობდა, რომ ძალიან ბრაზობდა, როცა მის მეუღლეს ან მის ვაჟს აკრიტიკებდნენ. ხშირად საუბრობენ მის დიდ დამსახურებაზე წიგნიერების ხელშეწყობისა და გავრცელების საქმეშიც.

ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ნენსი ბექ იანგი ამბობს, რომ პირველი ლედი თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე და სხვა ღონისძიებებზეც გამუდმებით უსვამდა ხაზს ბავშვებისთვის წერა-კითხვის ცოდნის აუცილებლობას.

„ის წერა-კითხვის ცოდნის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. ამბობდა, რომ ყველას უნდა მისცემოდა ეს ცოდნა. თეთრ სახლში გამართულ უამრავ ღონისძიებაზეც იმეორებდა, რომ რომ წერა-კითხვის უნარები განსაზღვრავდა იმასაც, თუ რამდენად რთული იქნებოდა სხვა სოციალური პრობლემები ადამიანის შემდგომ ცხოვრებაში", - ამბობს ისტორიკოსი.

დაახლოებით 30 წლის წინ დაარსდა „ბარბარა ბუშის ფონდი ოჯახების წიგნიერებისთვის“. ამ ფონდმა დაახლოებით 110 მილიონი დოლარი შეაგროვა იმისთვის, რომ ამერიკაში წიგნიერების პროგრამები გაევრცელებინა. პირველმა ლედიმ წიგნებიც გამოსცა.​ ბარბარა ბუშის ერთ-ერთი წიგნი - სახელად „მილის წიგნი“ - მისი კოკერსპანიელის ჯიშის ძაღლის მიერ მოყოლილი ამბავია თეთრ სახლში ცხოვრების შესახებ. მთელ მსოფლიოში ამ წიგნის გაყიდვით მიღებული შემოსავალი - დაახლოებით 1 მილიონი დოლარი მან სწორედ წიგნიერების მიმართულებით სამუშაოების განმახორციელებლებს გადასცა.

ისტორიკოსი ნენსი ბექ იანგი ამბობს, რომ ბარბარა ბუში პირდაპირობითაც გამოირჩეოდა:

„ის არასდროს ცდილობდა მოეჩვენებინა თავი იმად, ვინც სინამდვილეში არ იყო. ის ყოველთვის მართალი იყო საკუთარ თავთან. საკუთარ პრეს-მდივნებსაც ყოველთვის ეუბნებოდა, რომ რასაც ამბობდა, ყველაფრის გამოქვეყნება შეიძლებოდა - ამბობდა: თუ მე ეს ვთქვი, ესე იგი - ვთქვი!

ბარბარა ბუში 1925 წლის 8 ივნისს დაიბადა და ის გარდაცვალებამდე ამერიკის ყველაზე ასაკოვანი პირველი ლედი იყო. ბარბარა 73 წელი იყო იმ მამაკაცის მეუღლე, რომელზეც მის ომში წასვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაინიშნა.

„მე იქ ვიდექი, ვუყურებდი ბნელ ცას... და ვფიქრობდი მეგობრებზე, რომლებიც დავკარგე, ქვეყანაზე, რომელიც მიყვარს და გოგოზე, სახელად ბარბარა“, - იხსენებდა ომისდროინდელ პერიოდს ჯორჯ ბუში უფროსი.

თუმცა ბარბარას ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია ლეიკემიით დაავადებული მისი სამი წლის ქალიშვილის გარდაცვალება იყო. ბარბარა ბუშის ერთ-ერთმა შვილიშვილმა გასულ კვირას თქვა, რომ მსოფლიო ბარბარა ბუშის არსებობის გამო უკეთესი ადგილია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG