ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი-მუნი სირიის შესახებ


სამშვიდობო მოლაპარაკება ქვეყანაში გაჭიანურებული კრიზისის პოლიტიკურად გადაწყვეტის და ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელია

გაეროს გენერალური მდივანი სირიაში მიმდინარე ძალადობის და სისხლისღვრის შეჩერების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის. ბან კი-მუნი მიმართავს ყველას, ვისაც სირიის კრიზისზე ზემოქმედების უნარი აქვს, რომ ყველა ღონე იხმარონ, რათა მისი თქმით, ამ გრანდიოზულ და გულის მომკვლელ ჰუმანიტარულ კრიზისს წერტილი დაესვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჟენევაში მოლაპარაკების დაწყების მომხრეა და აცხადებს, რომ სამშვიდობო პროცესები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, რათა სირიაში გაჭიანურებული კრიზისის პოლიტიკური გზით დარეგულირება მოხდეს და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო აღარ გაღრმავდეს.

„სირიელ ხალხს მშვიდობა და იმედი ესაჭიროება. აქამდე ისინი მხოლოდ და მხოლოდ უამრავი ადამიანის დაღუპვას უყურებდნენ. ერთადერთი რაც მთელი ამ ხნის მანძილზე ესმით, ეს არის შეხვედრები და უშედეგო მოლაპარაკებები. ოჯახები ერთიმეორის მიყოლებით გარბიან. სირიის ომის ცეცხლი სხვა ქვეყნებსაც ედება და ის მალე მთელ რეგიონს მოიცავს“ - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.

გაეროს ანგარიშით, სირიაში ორ წელიწადზე დიდხანს გაჭიანურებულ ომში 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მილიონობით ადამიანი ქვეყნის შიგნით ლტოლვილად იქცა. მეზობელ ქვეყნებში დევნილთა რაოდენობა უკვე მილიონნახევარს აჭარბებს.

გაეროს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ერთადერთ მისაღებ გამოსავლად შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს. ის მიესალმება შეერთებული შტატების და რუსეთის ინიციატივას სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასმის შესახებ. ბან კი-მუნის აზრით, ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რომელსაც სირიაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის დამყარების პოტენციალი გააჩნია და რომელიც რეალურად გადაარჩენს ასეულ ათასობით ადამიანთა სიცოცხლეს.

თუმცა, ჟენევაში მოლაპარაკების მიღწევა იოლი ამოცანა არ არის, აღნიშნავს გაეროს გენერალური მდივანი. მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც შეერთებული შტატების, რუსეთის ოფიციალური პირების და სირიაში გაეროს საგანგებო დესპანის, ლახდარ ბრაჰიმის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, წარუმატებლად დასრულდა. 25 ივნისს სამშვიდობო მოლაპარაკება ისე ჩაიშალა, რომ მხარეებმა ჟენევის შეხვედრათა მეორე რაუნდისთვის თარიღის დათქმაც კი ვერ შეძლეს.

ბან კი-მუნის თქმით, ის დაპირისპირებული მხარეების მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დელეგაციების გაგზავნას ჯერ კიდევ ელის. გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ კონფერენციის ჩატარების თარიღზე შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სირიის მთავრობა და ოპოზიცია დელეგაციების შემადგენლობის დაკომპლექტებაზე შეთანხმდებიან.

„მოველით, რომ დელეგაციები, განსაკუთრებით კი ოპოზიციურ ჯგუფებს ვგულისხმობ, ერთმანეთში შეთანხმებული და თანმიმდევრულები იქნებიან. ისე, რომ ისინი დანამდვილებით წარმოადგენდნენ ორივე მხრის მიერ წარმოდგენილ ინტერესებს და პოზიციებს“ - აღნიშნავს გაეროს გენერალური მდივანი.

ის ასევე საუბრობს მოლაპარაკებაში დამატებითი ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობის საკითხის განხილვაზე. მათ შორის, უნდა გადაწყდეს ირანის და საუდის არაბეთის სამშვიდობო პროცესებში სავარაუდო მონაწილეობის საკითხი. მათ ჩართვას რუსეთის მხარე მოითხოვს. შეერთებული შტატები ირანის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდის, სირია კი საუდის არაბეთის ჩართვაზე არ თანხმდება.
XS
SM
MD
LG