ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელექტრო ავტომობილები ამერიკაში


კალიფორნიაში ეკოლოგიურად სუფთა მანქანები განსაკუთრებით პოპულარულია. შტატს ინოვაციების სამოთხესაც კი უწოდებენ

სკოტ ფეინთერს მიაჩნია, რომ ლოს ანჯელესის დასავლეთით მდებარე სამთო გზები მანქანის გამოსაცდელად არაჩვეულებრივი ადგილია.

„თითქმის ყველა ელექტრო ავტომობილი მყავდა, რაც კი ბაზარზე გამოვიდა, ტესლა „როდსტერის“ და „მოდელ-ესის“ ჩათვლით - ამბობს ის. სკოტი ვებგვერდის „თრუ ქარ“ დამაარსებელია, რომელიც მომხმარებელს მანქანების შესახებ ინფორმაციას აწვდის. „სამხრეთ კალიფორნია საავტომობილო ინოვაციის სამოთხეა. ჩვენ პირველი ვცდით ხოლმე ახალ მოდელებს“ - დასძენს ის.

წლევანდელ ავტოგამოფენაზე ბი-ემ-დაბლიუმ, შევროლეტმა და ფიატმა ახლი ელექტრომობილები წარმოადგინეს. უძრავი ქონების აგენტი, ჯინ ბუში ხუმრობს, რომ კალიფორნიელები მზად არიან მანქანაში უფრო ძვირი გადაიხადონ, ვიდრე სახლში. ამაში სიმართლის მარცვალიც არის, რადგან ახალი მანქანების ფასი 60 ათასიდან 80 ათას დოლარამდე მერყეობს.

თუმცა, ავტოგამოფენის სპიკერი, ბრენდან ფლინი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის მყიდველ კალიფორნიელებს მეტი შეღავათები აქვთ.

„საგადასახადო შეღავათები ელექტრომობილებზე ამ შტატში უფრო მაღალია, ვიდრე სხვაგან“ - აღნიშნავს ის.

შონ ჰალადეის, მაგალითად შტატის და ფედერალური კანონის მიხედვით ნისან „ლიფის“ ყიდვის შემდეგ 10 ათასი დოლარი უკან დაუბრუნდა.

„სხვა შტატში რომ ვყოფილიყავი, ალბათ ამდენი არ დამიბრუნდებოდა“ - მიაჩნია შონს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ საწვავზე ეკონომია საკმარისი არ არის და შტატში მანქანის დასატენად მეტი ელექტრო-გასამართი სადგურია საჭირო.

ჯორდან რამერი კომპანია „ივ ქონექთში“ მუშაობს. ჯორდანის ინფორმაციით, მისმა ფირმამ მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ათასზე მეტი ელექტროგასამართი სადგური გახსნა.

„მათი დიდი უმრავლესობა კალიფორნიაშია. განსაკუთრებით ბევრია სამხრეთ კალიფორნიაში. ელექტრომობილები შტატში გამორჩეულად პოპულარულია“ - აღნიშნავს ის.

ამ გარემოებას ჯერემი სნაიდერი კომპანია „ტელსადან“ ასე ხსნის:

შტატი თავისი კულტურით უფრო შემოქმედებით ხალხს, იდეების ავტორებს უყრის თავს, მათ, ვისაც არ სურს სოციალური ნორმების დაცვა და სიახლეს, ახალი ნორმების დაწესებას ესწრაფვის“.

ედ ზალკემ ტესლას მოდელი „ესი“ ამ წუთას შეუკვეთა.

მე გლობალური დათბობის თეორია რეალურად მეჩვენება და მგონია, რომ ბევრ სხვა საშუალებასთან ერთად ელექტრომობილები ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა. მინდა, რომ მეც ჩემი წვლილი შევიტანო“ - ამბობს ის.

სკოტ ფეინთერს ორი „ტესლა“ ყავს და საკუთარი არჩევანით ძალიან კმაყოფილია. კომპანია მომხმარებელს უფრო დაბალფასიანი მოდელის გამოშვებას პირდება, რომელიც ფასით კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მიიზიდავს.
XS
SM
MD
LG