ახალი გამოკვლევის თანახმად, 2001 წლის 11 სექტემბრიდან მოყოლებული შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა და ახლა ქვეყნის შიგნით განლაგებულ წყაროებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ხსნებული გამოკვლევა გასულ პარასკევს ვაშინგტონში მდებარე ორპარტიული პოლიტიკის ცენტრმა გამოაქვეყნა.
2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ ტერორისტულ თავდასხმებში 19 პირი მონაწილეობდა. მათ შორის ყველა არაბი იყო და არცერთი ამერიკის მოქალაქე.
11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 9 წლის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის გამოკვლევაში ნათქვამია, რომ ტერორიზმის საფრთხე ახლა იმ ამერიკელებისგან მომდინარეობს რომლებიც ალ ყაიდასთან თანამშრომლობენ ან სხვა ტერორისტული ჯგუფებიდან, და რომ ამერიკა მათ წინააღმდეგ ნელ რეაგირებას ახდენს.
სტივენ ფლინი უშიშროების საკითხების ანალიტიკოსია და გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი. მისი თქმით:
„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებს ქვეყნის შიგნით განლაგებული ტერორისტების მიერ მცირემასშტაბიანი თავდასხმების თავიდან აცილება უბრალოდ არ ძალუძთ. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში წარმატებული ტერორისტული თავდასხმების ალბათობა ძალიან მაღალია და ჩვენ ამ რეალობას უნდა შევეგუოთ.“
ტერორიზმის საკითხების ექსპერტი და გამოკვლევის სხვა ავტორი ბრიუს ჰოფმანი კი აღნიშნავს:
„იმ პირებს, ვისაც ტერორისტული საქმიანობა აინტერესებთ, სამწუხაროდ დღეს-დღეობით დიდი არჩევანი გააჩნიათ. მაგალითად, გასულ თვეს გარკვეული პირები შეერთებული შტატებიდან სომალიში და არა პაკისტანში საომრად მიემგზავრებოდნენ.“
ნიუ იორკში ყოფილი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მახლობლად ისლამური ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებული დავა და ფლორიდის ერთ-ერთი ეკლესიის ყურანის დაწვის მუქარით გამოწვეული აურ-ზაური ალ ყაიდას ხელს უწყობს, აღნიშნავს თომას კეინი, რომელიც ხსენებულ გამოკვლევას უძღვებოდა.
„ამგვარი დებატები ტერორისტთა რიგებში პოტენციური ახალი წევრების ჩარიცხვას ხელს უწყობს,“ აღნიშნა გამოკვლევის თანთავჯდომარემ კეინმა.
ხოლო გამოკვლევის მეორე თანათავჯდომარემ ლი ჰამილტონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს მუსლიმანურ მოსახლეობასთან უნდა ითანამშრომლოს.
„ჩვენი გამოკვლევის ერთ-ერთი დასკვნა ის გახლავთ, რომ ლონდონიდან ჯაკარტამდე დაახლოებით ერთი მილიარდი მუსლიმანი ცხოვრობს, რაც დღევანდელ მსოფლიოში ძალზედ მნიშვნელოვან ფაქტოს წარმოადგენს. ჩვენ ეს ფაქტორი უფრო საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ,“ დასძინა ლი ჰამილტონმა.
კეინი და ჰამილტონი აღნიშნავენ, რომ ახლო მომავალში ისინი შეერთებული შტატების მთავრობას საგარეო პოლიტიკის წარმართვასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს მიაწვდიან.