ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

260 000 ხმა ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად


260 000 ხმა ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად
260 000 ხმა ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად

მოხალისეებმა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით 260 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.

”ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა აღუდგინოს მოქალქეობა”- მიმართა დიპლომატებს ” სამოქალაქო ერთობის” ხელმძღვანელმა იური ვაზაგაშვილმა და ამ ბრძოლაში დიპლომატების თანადგომის, სოლიდარობის იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებდნენ: ასეთ რეჟიმს ჩვენ არ შევურიგდებით! ხელმოწერები არის პროტესტი რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევნების უფლება! ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა 3 500 ადვოკატის სახელით განაცხადა, რომ ” ქართული ოცნება რეალობაში უნდა განხორციელდეს”. მისივე თქმით, ბოლო 7 წლის განმავლობაში 132 ადვოკატია დაპატიმრებული უსამართლოდ.

ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოხალისეებმა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, 260 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სამსახურის დაკარგვის შიშით მათ კარებს არ უღებდნენ და ხელმოწერაზე უარს აცხადებდნენ, ამბობს ”სამოქალაქო ერთობის” შტაბის უფროსი შალვა მექვაბიშვილი:

” 8 ქვეყნის წარმომადგენელი მოვიდა. ინგლისის, იტალიის, თურქეთის, ვატიკანის, ირანის, ესტონეთის, ევროკავშირის წარმომადგენლობა. შეგროვდა სულ 260 000 ხელმოწერა საქართველოს მასშტაბით და კიდევ არის ჩამოსატანი რეგიონებიდან, თბილისის უბნებიდანაც არის მოსატანი, ახლაც ამოიტანეს 1000 ხელმოწერა და ჩააბარეს სამდივნოს. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ 200 000 ხელმოწერას შევაგროვებდით. ხელმოწერებს დიდი იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ როცა 200 000 ადამიანი რაღაცას ითხოვს, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ნებისმიერ საკითხზე. ჩვენ კი 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ”.

"დღეს წყდება საქართველოს ბედი! ბიძინა ივანიშვილს შეცდომის უფლება არ აქვს! " - აცხადებდნენ დიპკორპუსთან შეხვედრაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რატომ უნდა დაუჭიროს საქართველომ მხარი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, ვინ არიან ”ქართული ოცნების” წევრები ? - ამ კითხვით ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრს ზაქარია ქუცნაშვილს მივმართე:

” პირველი, რის გამოც ეს ადამიანი იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას, ეს არის მისი მიზნის უანგარობა. მეორე, რის გამოც იმსახურებს ეს ადამიანი მხარდაჭერას, არის მისი წარმატებულობა. ვერავინ ვერ აყენებს ეჭვქვეშ ვერც საქართველოში და ვერც უცხოეთში მისი ქონებრივი მდგომარეობის კანონიერ წარმომავლობას. მესამე, რის გამოც ჩვენ მას უნდა ვენდოთ, არის გზა, რა გზასაც გვთავაზობს ცვლილებების მისაღწევად. ეს არის მშვიდობიანი არჩევნების გზა. ამ ადამიანის გამოჩენამ ქართულ საზოგადოებას დაუბრუნა რწმენა, რომ ცვლილებები მიიღწევა მშვიდობიანი არჩევნების გზით. მიზნის უანგარობა, მშვიდობიანი ცვლილებების პერსპექტივა ჯამში ქმნის იმ ერთობლიობას, რის გამოც ხალხი ასეთი დიდი მოლოდინით არის გამსჭვალული”.

ხვალ მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, საქართველო 10 დეკემბერს ვერ ხვდება სათანადოდ. თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ დააკამყოფილებს, შესაძლოა უმართავი, ქვეყნისთვის დამღუპველი პროცესები დაიწყოს , განაცხადა შეხვედრის დასასრულს იური ვაზაგაშვილმა.

XS
SM
MD
LG